Thursday, May 14, 2009

აფერა თუ კინოში გადაღების რეალური შანსი?!

ნინო გელაშვილი.
”ვერსია”
08.04.2009

http://presa.ge/index.php?text=news&i=7053

http://www.internet.ge/v2/includes/newsprint.php?category=5&news=43841

”კინოში გადასაღებად ვიწვევთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს”, - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის თითქმის ყველა უბანში დიდი ხანია ვხვდებით. ბოლო დროს, გაჩნდა განცხადებები, სადაც იგივე კომპანია რინგის ჩატარების შესახებ იტყობინება. ”ვერსია” დაინტერესდა, რეალურად, რას წარმოადგენს TV-CINEMPANY CEROL და ამ მიზნით, როგორც კინოში გადაღებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მათ სტუდიას ვეწვიეთ.
დათქმულ მისამართზე მისვლისას კარზე წარწერა დაგვხვდა: ”კინოკომპანიისა და თეატრალური აკადემიის ოფისი არის ქვემოთ სარდაფში!” სარდაფის აბრა გვაცნობდა, რომ ჩვენ ”მედეა ჩახავას თეატრალურ აკადემიაში” ვიმყოფებოდით. იქ შესულებს კი კინოსა და თეატრის ცნობილი თუ უცნობი მსახიობების უამრავი სურათი და პლაკატი, ხელოვნური ყვავილები და აჟურული ფარდები დაგვხვდა. როგორც ჩანს, სურათების უმრავლესობა ჟურნალ-გაზეთებიდან იყო ამოჭრილი.

რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დაგვიძახეს. ეს ოთახი პირველზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა. ისეთი პატარა, რომ როდესაც მაგიდასთან დავსხედით, სტუდიის ხელმძღვანელმა მეორე კარის გაღება ვერც მოახერხა და ჩვენს გამსაუბრებელს მკაცრი სახით უთხრა, აქ ხალხს ასე ნუ სვამო, თუმცა იმ ოთახში სხვანაირად დაჯდომა შეუძლებელი იყო. კედელზე გაკრული უცნობი ადამიანების უამრავი ფოტოების შესახებ გვითხრეს, რომ ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ოდესმე ამ სტუდიასთან ჰქონია შეხება. თუმცა ეს დუტას, ჯაპანასა და პლაჟზე გადაღებულ პამელა ანდერსონს არ შეხებია.
შემდეგ ჩაინიშნეს ჩვენი გვარ-სახელი, სიმაღლე, საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ სიით 440-ე აღმოვჩნდით. შეკითხვები, ძირითადად, ჩვენს პლასტიკურ მონაცემებსა და სამსახიობო ნიჭს შეეხებოდა.

გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე წასაკითხად რაიმე ლექსი ან მოთხრობა უნდა მოგვემზადებინა და ისე წარვმდგარიყავით კომპეტენტური ჟიურის წინაშე. თან უნდა გვქონოდა ფოტო საოჯახო ალბომიდან, სადაც სახის გარდა, ჩვენი აღნაგობაც უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. კასტინგში მონაწილეობაზე დასაშვებად კი 10 ლარი უნდა გადაგვეხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კასტინგს წარმატებით გავართმევდით თავს, 150-ლარიანი კურსების გავლა მოგვიწევდა, სადაც მეტყველებას, პლასტიკასა და არტისტიზმს შეგვასწავლიდნენ.
ჩვენს შეკითხვაზე, ვინ იქნებოდა ჟიურის წევრი ან კურსების პედაგოგი, გვიპასუხეს, რომ ისინი თეატრალური აკადემიის პედაგოგებთან თანამშრომლობენ, მაგალითისთვის კი მანანა ტატიშვილი დაგვისახელეს.

როგორც გვითხრეს, აქამდე მათ ორი ფილმი, საბავშვო კომედია ”ბათუმის მატარებელი” და მძაფრსიუჟეტიანი ”ღამის მანიაკი” აქვთ გადაღებული.
მათი თქმით, პრეზენტაცია, შარშან, კინოს სახლში შედგა, გადაღებული ფილმები მალე DVD-ზე გამოვა და ჩვენც შეგვეძლება მათი ნახვა. გამოცხადებული ფილმის, ისტორიულ-ეროვნულ მხატვრული ”მამლუქნის” გადაღების დაწყების ზუსტი დრო კი არ დაუსახელებიათ, ამისთვის ჯერ ყველა შერჩეული მსახიობი უნდა მოვამზადოთო. კომპანიის თანამშრომლების თქმით, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია და ყოველდღიურად მათ ოცამდე ახალგაზრდა აკითხავთ.

შემდეგ ტურზე ლექსის წასაკითხად მომზადებულები მივედით. რეგისტრაციის 10 ლარი გადავიხადეთ და შესაბამისი ქვითარი მივიღეთ. ლექსის წაკითხვის შემდეგ, ეტიუდების დრო დადგა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამი დღე ითხოვეს და ამით ყოველგვარი ფორმალობები ამოიწურა.

სტუდიაში ყოფნის დროს, მუდმივად ისმოდა გარეთ მყოფი ბიჭების უცენზურო საუბარი, გინება და აურზაურის ხმა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს არც ისე უჩვეულო ამბავია. მათი თქმით, ბიჭებმა იციან, რომ სტუდიაში არტისტული გოგონები მიდიან და კასტინგებია, ბიჭების ინტერესსაც ეს იწვევს. ამ ფაქტს ღიმილით ეხმიანება კინოსტუდიის პროდიუსერი, ბესიკ ხინთიბიძე: ”ეს ჩვენი თაობის სენია, ბევრს გართობა უნდა, მაგრამ ჩვენ დაცვა გვყავს”.

სხვათაშორის, ბესიკ ხინთიბიძემ ერთ-ერთ გასაუბრებაზე მისვლისას თავი გაგვაცნო ქართული შოუბიზნესის შემომტან ადამიანად საქართველოში. როდესაც ამ ფაქტის არგუმენტებით დასაბუთება მოვთხოვეთ, მან გვითხრა, რომ მისი მოწყობილია ”მის საქართველო - 90”, 90-იან წლებში, სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით იგი ხშირად მართავდა კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე იმდროინდელ პრესასთან ხშირად საუბრობდა შოუბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე.

როგორც მან გვითხრა, TV-CINEMPANY CEROL 1997 წლიდან არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია კასტინგების გზით იყვანს ახალგაზრდა მსახიობებს და, მისი თქმით, ათი ფილმი აქვთ ჩაწერილი. ესენია: ”სიყვარულის ფერია”, ”დაიკარგა ხუჭუჭა”, ”ღამის მანიაკი”, ბავშვთა ტელესერიალი ”ტორტების ქალაქი”, სერიალი ”ერთი კოლეჯის ამბები”, ”სისხლიანი პერანგი”. ჩემს შეკითხვაზე, თუ შეიძლებოდა მათი ფილმების ნახვა, ხინთიბიძემ მიპასუხა: ”პრინციპში, შეიძლება ნახოთ ”ღამის მანიაკი”.

ხინთიბიძის თქმით, ასევე, მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა საბავშვო სტუდია ”რეტრო”, კინოსტუდიის შენობაში შედგა პრემიერა სპექტაკლისა: ”სიყვარული ნარკოტიკის სანაცვლოდ” და სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებზე მუშაობა ამ დროსაც მიმდინარეობს.

მისი თქმით, კომპანიას შემოსავალი კინოში გადაღებული სარეკლამო პროდუქციიდან აქვთ. თუმცა ქუჩაში გაკრულ სარეკლამო პლაკატზე აღნიშნულია, რომ მათი სპონსორი უკრაინაში მოღვაწე კინოკომპანიების ქსელია.

20 წლის ანა ლომსაძეს ბესიკ ხინთიბიძე სხვა სფეროდან და სხვა მისამართზე ახსოვს. იგი იხსენებს, რომ მან 6 წლის წინ, ხინთიბიძეს მოდების კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისის უნივერმაღში მიაკითხა. რეგისტრაციის თანხა მაშინაც 10 ლარი იყო, ამის შემდეგ მას სიარულში ამეცადინებდნენ. კონცერტი მართლაც ჩატარდა, თუმცა არა ისეთი გრანდიოზული, როგორსაც პირდებოდნენ. ანა ამბობს, რომ სოლიდურ ფასში რამდენიმე ბილეთის შეძენა მონაწილეებისთვის სავალდებულო იყო. ის სხვა დეტალებს ვერ იხსენებს, მაგრამ ზუსტად ახსოვს იმედგაცრუების შეგრძნება და იმდროინდელი ამბებიც მხოლოდ ირონიულ ღიმილს ჰგვრის.

მსახიობი მედეა ჩახავა, თავისსავე სახელობის თეატრალურ აკადემიაზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას ამ აკადემიასთან არავითარი საერთო არა აქვს.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ქალბატონი მედეა, წლების წინ მართლაც დათანხმდა ბესიკ ხინთიბიძის შეთავაზებას, აკადემიას მისი სახელი ეტარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკადემიის რამდენიმე სამუშაო გაკვეთილი ნახა, სწავლების დონით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, მედეა ჩახავა არასოდეს ყოფილა საქმის კურსში, რა ხდებოდა ამ კომპანიაში და ამიტომ ბესიკ ხინთიბიძეს სთხოვა, აკადემიას მისი სახელი აღარ ეტარებინა, თუმცა მისი თხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია.

Wednesday, March 4, 2009

რეფერენდუმი თუ საპროტესტო აქციები?!


ნინო გელაშვილი
ნინო თოფურიძე

გაზეთი `ვერსია`
4-5 მარტი, 2009 წ.

ოპოზიცია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლობაზე ერთსულოვნად თანხმდება, თუმცა, მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირების საილუსტრაციოდ სხვადასხვა ხერხს ირჩევს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ საკუთარი პოზიცია რეფერენდუმით უნდა დააფიქსიროს, ნაწილი კი ერთადერთ გამოსავლად საპროტესტო აქციებს ხედავს.

`ვერსია~ დაინტერესდა რომელ გზას ანიჭებს მოსახლეობა უპირატესობას და ამ მიზნით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 ადამიანი გამოკითხა.

შედეგები ასე გადანაწილდა:
30% რეფერენდუმი;
28% აქცია;
18% არ ვიცი;
24% არ ჩატარდეს არჩევნები.

გამოკითხულთა უმრავლესობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ემხრობა და პოზიციის გამოსახატად უპირატესობას რეფერენდუმს ანიჭებს. მათი აზრით, ის არის ყველაზე ცივილური, ობიექტური და კანონიერი გზა მოსახლეობის აზრის გასაგებად. ხალხის თქმით, რეფერენდუმი იქნება იმის გარანტი, რომ ცვლილებები მოხდეს კონსტრუქციულად და ბოლო მოეღოს ემოციურ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ის არ გამოიწვევს ქვეყანაში არეულობას, აგრესიას და არ დაარღვევს საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმს. აქციებს კი ყოველთვის მოაქვს არეულობა.

რეფერენდუმის მხარდამჭერთა საპასუხოდ, აქციის მომხრეები ამბობენ, რომ რეფერენდუმი არის ცივილური მეთოდი, მაგრამ არსებული ხელისუფლება არ არის ცივილური. ისინი რეფერენდუმის შედეგების გაყალბებას არ გამორიცხავენ. მათი აზრით, ჯერჯერობით რეფერენდუმი მხოლოდ ბლეფია და თავის მოტყუება. `რა ჩატარებულა ამ ქვეყანაში ობიექურად, ეგ რომ ჩაატარდეს?~ კითხულობს გამოკითხულთა ნაწილი. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ აქციები არ გაიწელება დროში და გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მოიტანს შედეგს.

საზოგადოების ნაწილი პოზიციის დაფიქსირების საუკეთესო გზას ვერ ასახელებს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, მაგრამ რა გზით, ამაზე ფიქრს პოლიტიკოსებს ანდობენ.

გამოკითხულთა ნაწილი კი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცლას ემხრობა, არც რეფერენდუმს უჭერს მხარს და არც აქციას. ისინი ერთ შემთხვევაში დროში გაწელას, მეორეში კი არეულობას ერიდებიან. თუმცა, სხვა გზას მაინც ვერ ხედავენ. ალტერნატივა მხოლოდ ორს აღმოაჩნდა: `არ შეძლება რომ ერთ დღეს სააკაშვილი მიხვდეს, მისი დრო წავიდა და უბრალოდ გადადგეს?~ შეკითხვის ავტორი ამბობს, რომ ამის არარეალურობაში თავადაც დარწმუნებულია.

ხალხის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრი ზედმეტია. ამ კატეგორიის ნაწილს პრეზიდენტი აკმაყოფილებს. მათი აზრით, პრეზიდენტი სააკაშვილი მძიმე მსოფლიო პოლიტიკის ფონზე მოსახლეობაზე ზრუნავს და მას ალტერნატივა არ ჰყავს.

ბოლო კატეგორიაში მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომელთაც ზუსტად არ აქვთ გარკვეული საჭიროა თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში ისინი ვერ ხედავენ უკეთეს კანდიდატურას და თავს ქართული ანდაზით იმშვიდებენ: შეჩვეული ჭირი სჯობსო.

ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები დამღლელი და უშედეგოა. ქვეყანაში ცვლილებები უდავოდ საჭიროა, თუმცა არჩევნების ეფექტურობაში დარწმუნებულები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ უკვე მერამდენედ მივიდნენ საარჩევნო ურნასთან და არჩევანი დაიმედებულმა გააკეთეს, თუმცა შედეგი არც ერთხელ გამოუღია.

Sunday, March 1, 2009

ახალმა კანონმა დაცვის სამსახურებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია


ნინო გელაშვილი

`24 საათი`
13 იანვარი, 2008 წ.

2009 წლის თებერვლიდან საქართველოს კანონი `კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ~ სრულად ამოქმედდება. კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. კანონმა კერძო დაცვით სამსახურების ხელმძღვანელების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კერძო დაცვითი საქმიანობა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში სათანადო დონეზეა მოწესრიგებული. საქართველოში კი, აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, კერძო დაცვითმა ორგანიზაციებმა ზუსტად არ იცოდნენ რა იყო მათი უფლებები და რა ვალდებულებები ეკისრებოდათ მათ კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების პროცესში. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები, პავლე კუბლაშვილი, მურთაზ ზოდელავა და ლაშა თორდია, იყვნენ.
აღნიშნული კანონით, დაცვითი ორგანიზაციის მიერ დამკვეთისთვის მატერიალური ზიანის ასანაზრაურებლად საბანკო გარანტია 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებელი, `სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების~ საქართველოს კანონის თანახმად, 50 000 ლარით განისაზღვრა.

ახალი კანონის მიმართ განხვავებული შეხედულება აქვთ კერძო დაცვის სამსახურებში.

,დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური `გისონის~ დირექტორი, ირაკლი ნინუა ამბობს, რომ ისინი მიესალმებიან კანონის მიღებას, ვინაიდან ეს საქმიანობა რეგულაციას საჭიროებდა. რაც შეეხება სალიცენზიო თანხას, მისი თქმით, `იგი განუსაზღვრელი ვადით გაიცემა და ნორმალური თანახაა. რაც შეეხება საბანკო გარანტიას, ეს შეიძლებოდა შეცვლილიყო, მაგრამ რადგან კანონმდებელმა ასე ჩათვალა საჭიროდ, ჩვენ ვეცდებით, ეს რომ მომავალი წლიდან ავსახოთ ჩვენს საქმიანობაში ლიცენზიის მიმღების სტატუსის დროს. რა თქმა უნდა, ეს აისახება მომსახურების ფასებზე. ჩვენი პოზიცია არის, რომ კანონი მიღებულია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ.~

დაცვის და უსაფრთხოების სამსახური `დარაკას~ გენერალური დირექტორი, ლევან დალბაშვილი, კი მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კერძო დაცვითი სამსახურების 98% ალბათ ახალი კანონით განსაზღრული წესების შესრულებას ვერ შეძლებს და დაიხურება. `15 000 კაცზე მეტი, რომელიც დღეს დასაქმებულია და მინიმალურ ხელფასს მაინც იღებს, აღმოჩნდება უმუშევარი. ჩვენი კომპანიის საქმინობის გაგრძელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ალბათ, შევწყვეტთ მუშაობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ყველა გზა მოჭრილია. ეს არ არის ისეთი შემოსავლის მქონე ორგანიზაციები, რომლებიც ამას შეძლებენ. კერძო სამსახურებს კერძო დაცვის სამსახურებთან მუშაობა ურჩევიათ და კერძო დაცვით კომპანიებს ამ კანონმა ძალიან პრობლემური მდგომარეობა შეუქმნა. შეიძლება ვინმემ წვრილი კომპანიების გართიანებზე იფიქროს, მაგრამ გაერთიანება კიდევ ახალ პრობლემებს ქმნის,~ - ამბობს ლევან დალბაშვილი.

წვრილი დაცვითი კომპანიების რაოდენობის შესაძლო შემცირებაზე საუბრობს, დაცვის სამსახური `ალიგატორის~ დირექტორი ზურაბ გორგაძეც: `ვისაც შესაძლებლობა არ აქვს და მცირე რაოდენობის ობიექტები აქვს, ის რა თქმა უნდა, გაუქმდება. რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ ეს თანხა გადაიხადოს? ვისაც რაიმე რესურსი აქვს ან ინვესტიციებს მოიძიებს, ის გადაიხდის. მსხვილი უფრო გამსხვილდება და წვრილი აღარ იარსებებს. ზოგმა სამსახურმა შეიძლება გაზარდოს გადასახადი. საერთოდ ზედმეტი გადასახდელი, ალბათ გამოიწვევს საფასურის გაზრდას. ლიცენზიიის გადასახადში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს პრობლემა არ არის, ლიცენზირებაა და გადასახდელია. სხვა რაღაცებია კანონში, ისეთი რაც კონსტიტუციასთან მთლად შეთავსებით არ არის. ეს კანონი ყველას არ ეხება, ვინც დაცვით საქმიანობას ეწევა. საერთოდ ბევრი კითხვა ჩნდება კანონთან მიმართებით, ამიტომ რაღაცებია დასახვეწი ან რაიმე ქვე ნორამტიული აქტი იქნება საჭირო.~

`კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ~ კანონის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ დაცვით საქმიანობას, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება 2009 წლის 1 მარტამდე უნარჩუნდებათ.

Saturday, February 28, 2009

მცირე მეწარმეებს გაკოტრება ემუქრება!


ნინო გელაშვილი
ნინო თოფურიძე

`ვერსია`
18-19 თებერვალი, 2009 წ.


ბოლო დროს ბანკებიდან სესხის გამოტანა ცხოვრების ჩვეულებრივ წესად იქცა. სესხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის მქონე ადამიანებისთვის. `ვერსია~ დაინტერესდა ეკონომიკური კრიზისის ფონზე რამდენად ეხმარება ბანკი მომხმარებელს და ეს თანამშრომლობა რამდენად უწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას.

ამ მიზნით `ვერსიამ~ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე 100 მოვაჭრეს მიმართა შეკითხვით: `გაქვთ თუ არა ბანკიდან სესხი აღებული?~

შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
56 % მაქვს;
26 % არ მაქვს;
18 მქონდა;
ამ დროისთვის ბანკები სესხებს თითქმის შეუფერხებლად გასცემენ.
`საქართველოს ბანკი~ აგრარულ, მიკროსაფინანსო, სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს გასცემს, მოქმდებს ავტოგანვადების სისტემაც. სესხების წლიური საშუალო პროცენტი 16-20%-ია, ზოგიერთ შემთხვევაში კი სესხის პროცენტი მომხმარებლის ხელფასზე, თანხის რაოდენობასა და სესხის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
`საქართველოს ბანკი~ იპოთეკურ სესხზე გარანტად სარემონტო ბინას ან იმ სახლს ითხოვს, რომლის შესაძენადაც ხდება თანხის გამოტანა. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ავტოგანვადების შემთხვევაშიც.

ყველა სახის სესხები შეუფერხებლად გაიცემა `თიბისი ბანკში~. სესხების წლიური პროცენტი საშუალოდ 17%-ია. ბანკი გარანტად სოციალურ უზრუნველყოფას ითხოვს, რაც გულისხმობს ბინას, მანქანას და პირადი მოხმარების ნივთებს. გარანტად არ მიიღება ძვირფასი ლითონები. `პროკრედიტ ბანკი~ მომხმარებლებს სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებს საშუალო წლიური 36%-ით სთავაზობს. ბანკი 4000$-ზე (ექვივალენტი ლარებში) მეტი ღირებულების სესხის აღების შემთხვევაში გარანტად ბინას ან მანქანას ითხოვს.

`ტაოპრივატბანკი~ მიკრო და ექსპრესს სესხებს სთავაზობს მომხმარებლებს. სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი 26%-ია. პროცენტის ვადის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი აღებული თანხის 1%-ს იხდის დაამტებით.

მიკროსაფინანსო ბანკი `კონსტანტა~ ამჟამად მხოლოდ ბიზნესს სესხს გასცემს, საშუალო წლიური 26%-ით.

როგორც აღმოჩნდა, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე მოვაჭრეთა უმრავლესობა სარგებლოს სესხით. მათი დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს `პროკრედიტ ბანკს~. ამის მიზეზად ისინი ბანკის სანდოობას და, პროცენტის გადაცილების შემთხვევაში, პროცენტის სიმცირეს ასახელებენ.

გამოკითხულთა უმეტესობა სესხის პირობებსა და მის საპროცენტო განაკვეთის შესახებ ზუსტ ინფორმაცის არ ფლობს და გაურკვევლობაშია, რასაც ხშირად მოყვება პრობლემები. გასული წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო ინიციატივის ფარგლებში, წვრილ მეწარმეთა დასახმარებელი პროგრამით `თიბისი ბანკმა~ მცირე ბიზნესის მწარმოებლებს 1000 ლარიანი სესხი შესთავაზა. სესხი დაბალ საპრეცონტო განაკვეთს გულისხმობდა. გარდა ამისა, მომხმარებლებს თანხის პერიოდულად გამოტანის საშუალებას აძლავდა, რასაც მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელი უნდა შეეწყო. თანხის ნაწილის გამოტანის შემთხვევში ფიქსირებულ პროცენტთან ერთად, მომხმარებელს დამატებით გამოტანილი თანხის 0,5% გადახდა უწევს.

51 წლის ნათელა ომიაძე ბაზრობაზე უკვე 12 წელია ვაჭრობს. სესხის პირობებში გაუკვევლობის გამო, მან დიდი ზარალი ნახა, რაც გამოიხატება დაგროვილი პროცენტებში და ჯარიმებში, რომელიც მას პროცენტის გადაუხდელობის გამო ყოველდღიურად ემატება. `დახმარების ნაცვლად, ისეთ დღეში ჩამაგდეს, სახლს როდის გამიყიდიან არ ვიცი. ჩემი ხსნა ამ `უთავო მხედარის~, სააკაშვილისა და მაგისი მთავრობის წასვლაშია მხოლოდ და მეც მაგის იმედითღა ვარ~, _ ჩივის ნათელა ომიაძე.

`საქართვლოს ბანკმა~ `ორეინჯ ბარათიდან~ მოხმარებული თანხის გადაუხდელობის გამო, სახლი უკვე გაუყიდა ბაზრობაზე მოვაჭრე ციცინო აკობიას.

განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ის მომხმარებლები, ვისაც სესხი დაბალი კურსის გამო ევროში ჰქონდა გამოტანილი. ევროს გამყარებამ მათი პროცენტი მნიშვნელოვნად გაზარდა.

მსგავსი შემთხვევებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, მოვაჭრეები საბანკო სესხებს ერიდებიან. ბაზრობაზე ერთ გავრცელებულ ხუმრობასაც გაიგონებთ: `ადრე ერთმანეთს ვლოცავდით, ციხესა და საავადმყოფოს გაშოროს ღმერთმაო, ახლა ვხუმრობთ ბანკის სესხს გაშოროს ღმერთმაო,~ _ ხუმრობენ მოვაჭრეები და აქვე გვაფრთხილებენ _ `უიარაღო ყაჩაღი თუ გაიგონეთ, არ შეშინდეთ, ის ნიშნავს, რომ ბანკებზე ვლაპარაკობთ.~

მართალია, მოვაჭრეებს ბანკების მიმართ პრეტენზიები აქვთ, მაგრამ ისინი იმასაც ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში არც ბანკები არიან დამნაშავენი. მათ ისიც იციან, რომ ბანკები თავიანთ საქმეს აკეთებენ და, ბუნებრივია, მოვაჭრეებს არავინ აიძულებთ სესხის აღებას. ისიც ლოგიკურია, რომ ბანკმა სესხზე პროცენტი უნდა მიიღოს.


მოვაჭრეების განმარტებით, მათი პრობლემების შექმნის მიზეზი ვაჭრობის შემცირება და ქვეყანაში შემქნილი არამყარი ეკონომიკური სიტუაციაა. მათი აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე ბევრად ადრე, აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიწყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ შემცირდა მყიდველთა რიცხვი, ბანკებში შეწყდა სესხების გაცემა და გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი.

მოვაჭრეთა პროგნოზით, სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში მცირე მეწარმეები გაკოტრების პირას აღმოჩნდებიან.

Saturday, February 14, 2009

`შრომის ბირჟა ხელისუფლებამ დაანგრია!`


ნინო გელაშვილი

`ვერსია`

13 თებერვალი, 2009

ეკონომიკური კრიზისის ფონზე დასაქმების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. გახშირდა საუბრები შრომის ბირჟისა და უმუშევართთათვის კომპენსაციის დანიშვნაზე. იმატა დასაქმების სააგენტოების რიცხვმა. თუმცა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.


პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოში უმუშევრად 350 000 ადამიანი ითვლება. მონაცემები აღიცხულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, რომლის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება ისიც კი, ვისაც პატარა მიწის ნაკვეთი მაინც აქვს საკუთრებაში.


`ეს დასაქმებას რომ ვერ განსაზღვრავს, ყველასთვის ნათელია. ევროპულ ქვეყნებში მიწა ნამდვილად არის შემოსავლის წყარო, მაგრამ იგივე ფორმულის გამოყენება საქართველოს პირობებში, სადაც გლეხს არც სასუქზე არ აქვს სუბსიდია, არც აგრარული ბაზარია მოწესრიგებული, არც ტექნიკა აქვს რომ მიწა დაამუშავოს, რეალურ სურათს არ იძლევა. შეიძლება ადამიანს დიდი მიწის ნაკვეთი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ მიწიდან შემოსავალს იღებს. მიუხედავად ამისა, ამაზე უკეთესი ფორმულა ჯერ არავის გამოუგონია და ვერც გამოვიგონებთ. იგივე იმ სოფლებში, ვიღაც მართლაც სარგებლობს მიწით და იღებს შემოსავალს.


რეალური სურათის მისაღებად სტატისტიკის დეპარტამენტი უნდა ადგენდეს, ვინ იყენებს ამ მიწას და ვინ _ არა. რადგან სახელმწიფომ ეს ვალდებულება მოიხსნა და არანაირ სტატისტიკას არ აწარმოებს, ჩვენ იძულებული ვართ დავეყრდნოთ პროფკავშირების მონაცემებს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა 14%-ს შეადგენს, მაგრამ რეალურად 22-23%,-ია~- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სტრუქტურაა და ის მოქმედებს 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროს წევრი გახდა.


რაც შეეხება, უმუშევრობის კომპენსაციას, დღეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის მისი გადახდის ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს. კერძო სექტორში კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში უმუშევრად დარჩენილს დამსაქმებელი უხდის ერთი თვის კომპენსაციას. კონტრაქტის დროულად დამთავრების შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი არაფერს იღებს. სახელმწიფო სექტორში კომპენსაციას იღებენ საჯარო მოხელეები თუ ისინი სამსახურიდან დამსაქმებლის სურვილით განთავისუფლდნენ.


ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, `შრომის ბირჟა მოშალა ხელისუფლებამ და აღარ არსებობს. ჩვენი ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს, რომ დაწესდეს შრომის ბირჟა, რომელიც, ერთი მხრივ, აღრიცხავს რამდენი ადამიანია უმუშევარი, მეორე მხრივ, დასაქმებაში დაეხმარება ადამიანებს.~


გარკვეულწილად შრომის ბირჟის ფუნქციას ასრულებენ ე.წ. დასაქმების სააგენტოები. მათი მომსახურება ფასიანია და ასაკობრივი შეზღუდვაც მოქმედებს.


`დასაქმების სააგენტოს~ თანამშრომლის, მადონა სიჭინავას თქმით, ისინი თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გაზეთებით ავრცელებენ. მსურველები მათთან აფიქსირებენ თავიანთ მონაცემებს და ასე იქმნება დასაქმების მსურველების ბაზა. ვაკანსიის მქონე კომპანიები მათ უკავშირდებიან და სასურველ კანდიდატს არჩევენ. მონაცემების ბაზაში ერთი თვით განთავსებისთვის დასაქმების მსურველები ცენტრს 10 ლარს უხდიან. სამსახურში მოწყობის შემთხვევაში ცენტრი მათ პირველი ხელფასიდან 50 ლარს ართმევს. თუმცა, სხვადასხვა სააგენტოები პირველი ხელფასიდან განსხვავებულ თანხას იღებენ. წილი ზოგჯერ ხელფასის 30 ან 50%-ია.


მადონა სიჭინავა ამბობს, რომ შეიძლება დღეში ასმა მსურველმა დარეკოს, მაგრამ დამსაქმებლების რაოდენობა ძალიან ცოტაა და თვეში დაახლოებით 15-20 კაცის დასაქმებას ახერხებენ. ძირითადი მოთხოვნა ძიძებზე, მიმტანებზე, მზარეულებსა და დაცვის თანამშრომლებზეა. მისი თქმით, მათთან ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს, რადგან 40 წელს გადაცილებულებს თითქმის არავინ განიხილავს ვაკანსიაზე.


დამსაქმებლების სიმცირეზე საუბრობენ დასაქმების ცენტრ `ჩვენს ოჯახში~. როგორც ამბობენ, მათთან დაკავშირებული ადამიანების 98% დასაქმების მსურველია და მხოლოდ 2% დამსაქმებელი.


`ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის~ დასაქმების სააგენტოს ბაზაში ძირითადად ინტელექტუალური სამსახურის მაძიებლები რეგისტრირდებიან. პროექტების კოორდინატორის, ელენე ოყროშიძის თქმით, დამსაქმებლები ის კომპანიები არიან, ვისაც მენეჯმენტის ცენტრის კონსულტაცია აქვთ მიღებული. მოთხოვნა ძირითადად მენეჯერებსა და ფინანსურ მენეჯერებზეა. გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით ყველაზე დიდი მოთხოვნა 20-40 წლამდე ასაკის პარიკმახერებზე, მიმტანებზე, კონსულტანტებზე, გამყიდველებზე, ძიძებსა და დაცვის თანამშრომლებზეა.

საქმე ლაყბობის ნაცვლად


ნინო გელაშვილი

`TSUtimes`


ზოგისთვის skype გართობის საშუალებაა, ზოგისთვის კი საქმის განუყოფელი ნაწილი. ამას მოწმობს ბოლო დროს საქართველოში ამა თუ იმ კომპანიის სახელწოდებისა და ლოგოების მქონე ოფიციალური user-ების გახშირება. თუმცა, საადვოკატო ბიურო `მიგრიაული და პარტნიორების~ ერთ-ერთი პარტნიორის, გიორგი ტიკაძის წამოწყება იშვიათ შემთხვევად რჩება.


ადვოკატი გიორგი ტიკაძე უფასო ონლაინ კონსულტაციებს 24 საათის განმავლობაში იძლევა. ნიკი chemi.advokati 2006 წელს, ადვოკატის წოდების მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დროს გაჩნდა. ამ დროს მან გადაწყვიტა, skype და ნაცნობების შეკითხვები ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა და ნებისმიერი პირის შეკითხვისთვის პასუხი ოფიციალური სახით გაეცა. იდეა წარმატებული აღმოჩნდა. დღეს მისი skype-ის საკონტატაქტო სიაში 1000-მდე მუდმივი წევრია და ყოველდღიურად 15-მდე კონსულტაციას გასცემს.


ინტერნეტ მომხამრებლებთან ურთიერთობის ასეთ ფორმას მისთვის პოპულარობა მოაქვს. ტიკაძის თქმით, ვიტუალური კონსულტაციებიდან ყოველთვიურად 3-4 ადამიანი მისი რეალური კლიენტი ხდება. ასე, რომ კონსულტაციამ გარკვეულწილად რეკლამის ფუქნცია იკისრა, თუმცა ეს მიზაზნმიმართულად არ მომხდარა. მისი თქმით, თუ ადამიანმა ერთხელ მაინც თუ არ ისრაგებლა სერვისით, ვერ დარწმუნდება რამდენად სერიოზულია ასეთი ურთიერთობები. ამიტომ მხოლოდ მომხმარებლის დახასიათებაში ამოკითხული მისამართით, მას არავინ მიაკითხავს.


დროის უქონლობის გამო, დღის უმეტეს დროს, ტიკაძის ნიკიდან კონსულტაციებს მისი მეთვალყურებით სხვა თანამშრომლები ეწევიან. ხშირია შეკითხვები სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროებიდან, თუმცა ყველაზე ხშირად უცხოეთში მყოფი ქართველები ეკონტაქტებიან და კონსულტაციებს სთხოვენ.


ჟურნალისტი მარი წურწუმია კონსულტაციების აქტიური მომხმარებელია. ამბობს, რომ ასეთი სერვისი მას მუშაობაში ეხმარება. ის სწრაფად ღებულობს საჭირო ინფორმაციას თუ უახლეს დოკუმენტს და დროსა და ენერგიას აზოგვინებს. 19 წლის ნინო ცუცქირიძე სამართალმცოდნეობას უეფლება, სანამ თვითონ გახდება პროფესიონალი, ონლაინ კონსულტაციებს დავალებების შესრულების დროს ხშირად იყენებს.


თავად გიორგი ტიკაძეს ონლაინ კონსულტაციების იდეა ძალიან მოსწონს, რადგან ახალი და ორიგინალური ფორმაა. მისი თქმით, ასეთი ურთიერთობით ხალხიც კმაყოფილია. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერს შეუძლია მასთან დაკავშირება, ხშირია არასერიოზული შეტყობინებები, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ადრესანტი იბლოკება. მისი თქმით, 3000-მდე ასეთი მომხმარებელი ჰყავს დაბლოკილი.


ადვოკატი ტიკაძე აპირებს, რომ სამომავლოდ კითხვა-პასუხი მის საიტზე, live chat-ის სახით წარიმართოს. ურთიერთობის ასეთი სახე საქართველოში არა, მაგრამ ევროპაში ფართოდ გავრცელებული და მიღებული ფორმაა. თუმცა არც ამ შემთხვევაში შეწყვეტს skype და mail კონსულტაციებს.

სიღნაღში ახლადდაგებული ქვაფენილი იყრება




ნინო გელაშვილი

`ვერსია`

სიღნაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან 14 526 000 ლარი გამოიყო. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მით უმეტეს, რომ უკვე რესტავრირებულ ქუჩებში ქვაფენილი იყრება და ხელმეორედ დასაგები ხდება.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქვაფენილი სიღნაღში ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. ამის მიზეზად კი სამუშაოების სისწრაფეს, უხარისხობას და სანიაღვრე სისტემის მოუწესიგებლობას ასახელებენ. რუსთაველის ქუჩის დიდ ნაწილზე ქვაფენილი აყრილია. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ქუჩაზე ქვაფენილის აყრას შეეჩვივნენ და აღარ უკვირთ. ერთ-ერთი მათგანი ხელს გამგეობის შენობისკენ იშვერს და გვეუბნება, რომ ეს შენობა სიღნაღის ნამდვილი სახეა _ გარედან ლამაზი და შიგნით დანგრეული.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, ევროპული ქალაქის მმართველობების მსგავსად, რატუშის ტიპისაა. დამთვალიერებლების აზრით, შენობა ძალიან ლამაზია და სიღნაღს ევროპულ სახეს სძენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს, შენობაში წყალი ჩავიდა და ბოლო სართულის ოთახების უმეტესობაში პარკეტი აიყარა. გარდა ამისა, ოთახები დიდი ხანია აღარ გარემონტებულა. გამგეობის თანამშრომლების თქმით, ასეთ შენობაში მუშაობა არც მათ მოსწონთ და დაპირებული სამუშაოების დროით შესრულებას ელიან.

სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამის კოორდინაციას და საპროექტო სამუშაოების შესრულებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ხელმძღვანელობდა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ გოგსაძის, თქმით, ქალაქის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით დაიწყო. სანიაღვრე სისტემა გაკეთდა ყველა მოკირწყლულ ქუჩაზე: ბარათაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის, სარაჯიშვილის, ევდოშვილის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის ქუჩებზე და ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე. ასე, რომ ეს საკითხი მთლიანად მოწესრიგდა. პატარა ქუჩებზე ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა. წყალი ჩვეულებრივ მიდის და შემდეგ რომელიმე ცენტრალური ქუჩის წყალმიმღებ ცხაურს უერთდება. მისი თქმით, მხოლოდ კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ დაიწყო შენობების რეაბილიტაცია და ქუჩების კეთილმოწყობა. მოკირწყლული ქუჩები სიღნაღისთვის ოდითგანვე დამახასიათებელია. მოსახლეობისთვის ადვილად გადასაადგილებლად ცენტრალური ნაწილი გრანიტის ქვით, ხოლო თამარ მეფის, გორგასალის ქუჩები და წამაბულის ქუჩის ნაწილი _ რიყის ქვით მოიკირწყლა. მოსახლეობის თხოვნით, ტროტუარები ასფალტით ან ბაზალტით გაკეთდა. მოკირწყლულ ქუჩებს შეგუებას რელიეფის სირთულე უშლის ხელს, თუმცა ნელ-ნელა ხალხი მაინც ეჩვევა.
ჩვენს შეკითხვაზე, რატომ იყრება ქვაფენილი ასე ხშირად, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გვპასუხობს, `სიღნაღი რთული რელიეფის ქალაქია. როცა წვიმა მოდის და წყალი ერთ ადგილას გუბდება, ქვაფენილი შეიძლება ამოიყაროს. ეს ხომ არ იგება ცემენტის ხსნარზე, რომ მყარი იყოს?! რამდენჯერაც აიყრება, მეორე დღეს უნდა მივიდეს მუნიციპალური სამსახური და გააკეთოს. ასეც ხდება.~

ფონდის დირექტორის მოადგილის, მარიკა დიდებულიძის თქმით, მუდმივად ხდება გაკეთებულის გადამოწმება. თუ რაიმე წუნი აღმოჩნდა, დროულად ასწორებენ. მისი თქმით, სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფული არავის გამოურთმევია. რეაბილიტაციის დასაწყისში, როცა უსახურავო სახლებში წვიმა ჩავიდა, კომპანიებმა მათ ხარჯები აუნაზღაურეს. მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაობს შ.პ.ს. `მაქსიმუმი~ ასრულებდა. შ.პ.ს.-ის მთავარი ინჟინერის, იროდი ნანობაშვილის თქმით, მათ მიერ გათვალისწინებული სანიაღვრე სისტემები ქალაქისთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო. ქვაფენილის აყრის მიზეზად სანიღვრე სისტემების არასაკმარისობას გამორიცხავს და შესაძლო მიზეზად ქვაფენილის არასწორ დაგებას ასახელებს.
სიღნაღის რეაბილიტაციის 2007 წლის გეგმაში მიწისქვეშა სამუშაოების განხორციელების პასუხისმგებლობა შ.პ.ს. `წყალკანალრემმშენს~ და შ.პ.ს. `წყალკანალსპეცრემმშენს~ აკისრია. შ.პ.ს. `წყალკანალსპეცრემშენის~ ტექნიკური დირექტორის, დიმიტრი ტორაძის, თქმით მათ წყალსადენები და კანალიზაცია გააკეთეს და სანიაღვრე სისტემებთან შეხება არ ჰქონიათ. შ.პ.ს. `წყალკანალრემმშენს~ ერთკვირიანი თხოვნის მიუხედავად, კომენტარი არ გაუკეთებია. დირექტორის მდივანი ამბობს, რომ პასუხისმგებელი პირები დაკავებულები არიან.

რეაბილიტაციისთვის სამშებელო სამუშაოებს კომპანია `თბილისი~ ატარებდა. კომპანიის დირექტორის მოადგილე, ვახტანგ ვეკუა, ამბობს, რომ სიღნაღში კომუნიკაციები გარეთ იყო გამოტანილი. ელექტროგაყვანილობა ერთ დიდ აბლაბუდას ქმნიდა. სანიაღვრე კომუნიკაციები საერთოდ არ იყო განსაზღვრული. ამიტომ იმ მთავარი ქუჩების სანიაღვრე კოლექტორი გაკეთდა, რომლებიც რეკონსტრუქციას ექვემდებარებოდა. ასეთებია ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალური გრაცის მოედანი და ნაწილობრივ თამარ მეფის ქუჩა. მთლიანი ქალაქისთვის სანიაღვრე კოლექტორის გაკეთება აღემატება იმ ბიუჯეტს, რომელიც, ალბათ, სახელმწიფოს გააჩნია. ეს დიდი საინჟინრო სამუშაოებია და ამიტომ ეს არ გაკეთებულა და ამოცანადაც არ იდგა. ქვაფენილი შეიძლება აყრილი იყოს იქ, სადაც სანიაღვრე სისტემა არ არის. `თვითონ ქალაქი არ არის მზად, რომ როცა წვიმა მოდის, ის ორგანიზებულად სადღაც ჩავიდეს. ეს არის სერიოზული პროექტი, თუ ამის აუცილებლობას ნახავს ხელისუფლება ან ადგილობრივი მმართველობა, ეს უნდა დაპროექტდეს და გაკეთდეს~, _ ამბობს ვახტანგ ვეკუა.

ამ დროისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს. ჩვენ ყოფილ გამგებელს, ზაზა ზედელაშვილს, დავუკავშირდით და ვკითხეთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიჩნევდა თუ არა მსგავსი პროექტის განხორციელების აუცილებლობას. მისი თქმით, `მთვარია ქალაქი გაკეთდა. უზარმაზარი სამუშაოების შემდეგ რომ რაღაც შენიშვნებია, ეს ბუნებრივია. რომ არ გაკეთებულიყო შენიშვნებიც ხომ არ იქნებოდა?! ჩემი თხოვნაა დავინახოთ მთავარი, რომ დღეს გვაქვს ასეთი ლამაზი ქალაქი და შენიშვნებს მოევლება.~ ჩვენს შეკითხვაზე ვინ გაიღებს აღდგენითი სამუშაოების ხარჯებს, იგი გვპასუხობს, რომ გამოსასწორებელი თუ არის რამე, ამას ის კომპანია გამოასწორებს, რომელმაც ეს სამუშაოები ჩაატარა. თუმცა, ამჟამად სიღნაღში კომპანია `თბილისი~ არ მუშაობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამაზე არავის არ მიუმართავს მათთვის, და საერთოდ, რაზეა საუბარი, ისიც არ იციან.
საბოლოოდ გაირკვა, რომ სიღნაღში კომპანია `თბილისი~ მართლაც არ მუშაობს. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაობს კომპანია `არტესი~ ასრულებს. თუმცა პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ვინ გაიღებს აღდგენითი სამუშაოების ხარჯებს. რეაბილიტაციის თითოეული შემსრულებელი მიიჩნევს, რომ მათმა კომპანიამ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა და ქვაფენილის აყრის მიზეზს სხვა კომპანიების შესრულებულ სამუშაოებში ეძებს. თუმცა, ერთი რამ ფაქტია. სპეციალისტთა ახსნით, ქვაფენილის აყრის მიზეზი სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობა, ქვაფენილის უხარისხოდ გაკეთება, ან ორივე ერთად შეიძლება იყოს. რეაბილიტაციის დროს დაზიანებული რამდენიმე სახლიც აღმოჩნდა.
`კახეთის საინფორმაციო ცენტრის~ ცნობით, რუსთაველის და ბარათაშვილის ქუჩის მაცხოვრებელებს, საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, რეაბილიტაციისას საცხოვრებელი სახლების სახურავები კრამიტით გადახურეს, საყრდენი მასალა კი არ შეუცვლიათ, რის გამოც წვიმების და თოვლის შედეგად რამდენიმე ოჯახს ჭერი უკვე ჩამოენგრა. მოსახლეობამ ადგილობრივ მმართველობასა და სამშენებლო კომპანიებს დახმარება არაერთხელ სთხოვა. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გუბერნატორის პირველი მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა, განცხადა, რომ კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია პრობლემების მოგვარების პროცესს თავად გააკონტროლებს. სიღნაღი რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის ემზადება, თუმცა ჯერჯერობით პირველი ეტაპზე დაშვებული შეცდომებია გამოსასწორებელი.

ჯართის ბიზნესით დაკავებული კომპანიები გაკოტრების გზაზეა


ნინო გელაშვილი

`ვერსია`



უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში შავი და ფერადი ლითონების ბიზნესით დაკავებული კომპანიები შეფერხებით მუშაობენ. ზოგმა მათგანმა კი საერთოდ შეაჩერა საქმიანობა. კომპანიების უმეტესობა მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს.


საქართველოს ექსპორტში 2008 წლის სექტემბრამდე ჯართს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-სექტემბერში, შავი ლითონების ჯართს საქართველოს ექსპორტის 9,5% ეკავა და 2007 წლის მსგავსად, ექსპორტში მეორე ადგილზე იყო. შავ ლითონებთან შედარებით, დაბალია სპილენძის ჯართის მაჩვენებელი _ 2,2%.


როგორც საზღვარგარეთ გამტანი, ისე ადგილზე ინვესტორების მოზიდვით დაკავებული ლითონების მიმღები პუნქტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი კომპანიები გაკოტრების გზაზეა.


კომპანია `მეტალექსპორტის~ მენეჯერის, ნინო იმნაიშვილის თქმით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ მათთან არც ერთი ინვესტორი არ მისულა. კრიზისამდე ფერადი ლითონის ერთი ტონის საშუალო ღირებულება 1800 დოლარი იყო, დღეს კი 1000 დოლარადაც ვერ ყიდიან. ამ დროისთვის მათ 40 ტონა გასაყიდი საქონელი აქვთ. კომპანიაში მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ.


ამ დროისთვის შავი ლითონების ფასი 70-დან 120-მდე ლარში მერყეობს. თუმცა, მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ ამ ფასად ჯართის ჩაბარება თითქმის არავის უნდა. მათი თქმით, ბევრი პუნქტი საერთოდ დაიკეტა. შავი ლითონების გამტანი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, აგვისტოს ომის დროს თურქეთიდან გემები ვერ შემოვიდა, რასაც ეკონომიკური კრიზისიც დაემთხვა და საქონელი გასატანი დარჩათ.


ექსპერტი გია ხუხაშვილი, მიიჩნევს შექმნილი სიტუაციის ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირება არასწორია. მისი თქმით, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრებზე ფასები გარკვეულწილად დაწეული იყოს, მაგრამ დოლარის კურსის ზრდას, პირიქით, ბიძგი უნდა მიეცა ამ ბიზნესის განვითრებისთვის. შესყიდვა ხდება ლარში და ექსპორტი დოლარში, ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო სტიმულის მიმცემი. ექსპერტ ხუხაშვილის თქმით, ჯართის ბიზნესი ქვეყანაში ეკონომიკურად წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჯართის მოხმარება ქართულ წარმოებაში მოხდებოდა. ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მეტალუგიულ საწარმოებს ნედლეულზე მოთხოვნა არ განელებიათ. ამიტომ შავი და ფერადი ლითონების ბიზნესის შეფერხებას ხელოვნურად შექმნილს უწოდებს.


მდგომარეობის მსოფლიო ეკონომიკის კრიზისთან კავშირს ლოგიკურად მიიჩნევენ სხვა ეკონომისტები. ექსპერტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ ბევრ კომპანიას აქვს პრობლემები და გამორიცხული არ არის, მსგავსს სიტუაციაში იყვნენ ქართული ჯართის ბიზნესით დაკავებული კომპანიების პარტნიორები. მისი თქმით, მდგომარების გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართულ კომპანიებს მოუწევთ ახალი ბაზრების მოძიება ან შესაძლოა ჯართის ჩაბარება ადგილზე უფრო მომგებინი გახდეს.


ჯართის მიმღები ქართული კომპანიების თქმით, ამ ეტაპზე ისინი თავს იკავებენ საქონელის იაფად გაყიდვისგან და მდგომარეობის გამოსწორებას ელოდებიან.

ცხენს ვერაფერი დააკლეს, უნაგირს უწყეს მტვრევაო

ნინო გელაშვილი
ნინო თოფურიძე

`ვერსია`

შეკითხვაზე უნდა შეეცვალოს თუ არა სახელწოდება რუსი მწერლების სახელობის ქუჩებს, სკვერებსა და ბაღებს, პასუხი გაგვცა თბილისის 180-მა მაცხოვრებელმა. პასუხები ასე გადანაწილდა:

67.8 % - არა
21.7 % - კი
10.5 % - არ ვიცი
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ჰგავს ბავშვურ ბუტიაობას და ქართველების უკულტურობისა და დაბალი დონის მაჩვენებელია. გარდა ამისა, მათი აზრით, სახელწოდებების შეცლა ორ მართმადიდებელ სახემწიფოს შორის მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს.
შეკითხვა ზოგს ანდაზას ახსენებს: `ცხენს ვერაფერი დააკლეს, უნაგირს უწყეს მტვრევაო,~ ზოგიერთი კი თავის დამოკიდებულებას ამყარებს იმ არგუმენტით, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ ამბიციებს შევწიროთ კულტურა, რადგან კულტურა და ისტორია საერთაშორისო ღირებულებებია, რომლებიც არა მხოლოდ რუსებს, არამედ მთელ მსოფლიოს ეკუთვნის. როგორც ერთ-ერთიმა რესპონდენტმა, ივლიანე ხაინდარავამ აღნიშნა, ამგვარი ქმედება მარაზმატული ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს რუსი პოლიტიკოსები და ამ ქვეყნის საზოგადოება. პუტინსა და მედვედევს არ შეიძლება რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობა გადავაყოლოთ. მოსახლეობის თქმით, ქუჩებს იმ ადამიანების სახელები უნდა ერქვათ, რომლებიც საქართველოსთან, მეგობრულ, ნათასაურ ან შემოქმდებით კავშირში არიან.
გამოკითხულები ერთხმად თანხმდებიან, რომ თბილისში მოსკოვისა და სანტ-პეტერბურგის სახელობის ქუჩები ზედმეტია. ზოგი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსავსი თემების წამოჭრა თითიდან გამოწოვილი თემაა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად არის გამიზნული.
გამოკითხულთა აზრის თანხვედრა იმ საკითხთან მიმართებითაც მოხდა, რომ მსგავსი იდეები მხოლოდ უვიც ადამიანებს მოსდით თავში. მათი მოსაზრებით, ვინაიდან მეზობელს ვერ შევიცვლით, ამგვარი გამაღიზიანებელი ქმედება მხოლოდ ჩვენზე ჰპოვებს ასახვას. ეს კი იმათი საფიქრებელია, ვისაც მოსახლეობაზე ზრუნვა ევალება. გამოკითხულთა თქმით, რუსი მოღვაწეების სახელები მათ ეხამუშებათ, ვინც ამ მწერლების შემოქმედებას არ იცნობს. ამიტომ ეჭვი ეპარებათ ნუგზარ წიკლაურის ინტელექტუალურ შესაძლებობებში. მოსახლებას აშფოთებს იდეის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები. ამგვარ ქმედებას მივყავართ იქითკენ, რომ რუსეთის ქალაქებში ქართული სახელების მატარებელ ქუჩებს სხვა დასახელებები სამუდამოდ ჩაენაცვლება.
გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ახალ იდეას მხარს უჭერენ. მათი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი დაუფასებელი ქართველი შემოქმედი თუ საზოგადო მოღვაწეა და სწორედ მათი სახელები უნდა ჩაენაცვლოს აგრესორი სახელმწიფოს ქალაქების დასახელებებს. გარდა ამისა, რუსეთის დანაშაული საქართველოს წინაშე იმდენად დიდია, რომ მისი მოქალაქეების ამგვარი დაფასება ზედმეტი პატივია. ამავდროულად, მოსახლეობას რუსი მოღვაწეების სახელობის ქუჩების სიმრავლე აღიზიანებს.
საზოგადოებაში აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც არცერთ პოზიციას არ იზიარებენ და თავიანთ აზრს ერთ წინადადებაში აყალიბებენ: `რუსის დედა დილით და ამერიკელის საღამოს”.
გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის აქტუალიზაცია, არაადეკვატურია, ვინაიდან არსებობს მრავალი სოციალური პრობლება, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ხალხს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, საქართველომ მოკავშირეების ცვლასთან ერთად ხომ არ უნდა ცვალოს დედაქალაქის ქუჩებისა თუ სკვერების სახელწოდებები? თბილისელების მოსაზრებით, სჯობს, ქუჩებმა ატარონ კლასიკოსი მწერლების სახელები, ვიდრე დროებით მოსული პოლიტიკოსებისა. მოსახლეობის აზრით, მოკავშირეთა ცვლა არ უნდა გახდეს საზოგადოებრივი ღირებულებების გადაფასების მიზეზი.

ფასიანი სწავლება ფასიანი სამსახურისთვის

ნინო გელაშვილი, `24 საათი~

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეტროსადგურებთან და სასწავლო დაწესებულებებთან ხშირად არიგებენ საინფორმაციო ფურცლებს, სადაც მითითებულია, რომ ბიზნეს კომპანია სამუშაოდ იწვევს ახალგაზრდებს საქმის ადგილზე შესწავლითა და მზარდი ანაზღაურებით. მსგავსი განცხადებები ვრცელდება ინტერნეტით, გაზეთებისა და ტელევიზიების მეშვეობით. უმეტეს შემთხვევაში, დასაქმების მსურველი ამ განცხადებებს ქსელური მარკეტინგით მომუშავე კომპანიებთან მიჰყავს. თუმცა, დაპირებული სამუშაო ხშირად ცარიელ სიტყვებად რჩება, ხოლო სამსახურის დასაწყებად საჭირო ტრეინინგ კურსის საფასური _ დაკარგულ ფულად.

`Pr ჯგუფში` თამთა წიკლაური ორი თვის წინ გაზეთ `სიტყვა და საქმეში` წაკითხული განცხადებით მოხვდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის #39-ში გასაუბრებაზე მოსულს კომპანიაში დასაქმებით ლამაზი მომავალი დაუხატეს. აუხსნეს, რომ მუშაობისას ისინი კომპანია `ტიენსის` პრინციპით სარგებლობდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა სახის სამუშაოს სთვაზობდნენ. მუშაობას კი იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ტრეინინგ-კურსს გაივლიდა, რომელიც 30 ლარი ჯდებოდა. ფულის გადახდისას მას მისცეს ქვითარი, რომელზეც არ ყოფილა არანაირი ბეჭედი, კურსის მესამე შეხვედრაზე კი მოსთხოვეს ეს ქვითარი უკან დაებრუნებინა. ტრეინინგების გავლის დროს მან შემთხვევით გაიგო, რომ ამ კურსის შემდეგ მუშაობის დასაწყებად საჭირო იყო 600 ლარი. თუმცა მისთვის ამის შესახებ წინასწარ არავის უთქვამს. ამის გაგების შემდეგ თამთა აღარ დაინტერესებულა კომპანიაში საქმიანობით, მისი თქმით, არსად იყო იმის გარანტია, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ, ის მართლაც დაიწყებდა მუშაობას და გადაწყვიტა კომპანიაში აღარ მისულიყო.

თამთა წიკლაურის თქმით, მსგავსი ამბავი მხოლოდ მას არ შეემთხვა და ასე მოტყუებული ბევრი ახალგაზრდა რჩება. როგორც დასაქმების სხვა მსურველები ამბობენ, ტრეინინგების შემდეგ 600 ლარი მათ პროდუქციის შესაძენად და მისი რეალიზაციისთვის სჭირდებოდათ. თუმცა, ამის შესახებ წინასწარ არავინ არაფერი იცოდა. `Pr ჯგუფის` ტრეინინგების სპიკერი, ბაქარ გელაშვილი, განმარტავს, რომ ისინი `ტიენსის`მოდელზე, ქსელური მარკეტინგით მუშაობენ. მისი თქმით, მათი საქმე სწავლებაა და არა დასაქმება. ისინი სამომავლოდ სასწავლო ცენტრების დაფუძნებასაც გეგმავენ. ერთკვირიანი ტრეინინგ-კურსი 30 ლარი ჯდება.

როგორც ბაქარ გელაშვილი ამბობს, ქსელური მარკეტინგისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება, ამიტომ შესაძლოა დასაქმების მსურველი პირველივე ინტერვიუდან მთლიანად ინფორმირებული ვერ წავიდეს. თუმცა, ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას იმით ხსნის, რომ ზოგადად წარმატებული ადამიანი უფრო ნაკლებია, ვიდრე წარუმატებელი. შესაბამისად, მათ, ვისაც მუშაობა ეზარება და ფულის შოვნის მარტივ გზას ეძებს, კომპანიის პირობები არ აკმაყოფილებთ. შეკითხვაზე რატომ არის ამ კომპანიებში ტრეინინგები ფასიანი, როცა სხვა ორგანიზაციებში მუშაობის დაწყების წინ უფასო ტრეინინგებს ატარებენ, გვპასუხობს, რომ სხვა ორგანიზაციები ვიწრო ცოდნას აძლევენ, მათ მიერ მიცემული განათლება კი ზოგადად ბიზნესის სფეროში არის გამოსადეგი.

რაც შეეხება კომპანია `ტიენსს`, ბაქარ გელაშვილის თქმით, `ის საქართველოში 2003 წელს შემოვიდა და მთავარი ოფისი სასტუმრო `თბილისი მერიოტში` ჰქონდა. 2008 წლის დასაწყისიდან, სახელმწიფოსთან შექმნილი საგადასახადო პრობლემების გამო, `ტიენსი` აღარ ფუნციონერებს. ახლა მხოლოდ სპეციალური შეკვეთით შემოდის კოსმეტიკა მცირე რაოდენობით და სხვადასხვა კომპანიებით ვრცელდება. დღეისათვის `ტიენსის` წარმომადგენლები ამზადებენ ბაზას, იმისათვის, რომ კომპანია კვლავ შემოვიდეს საქართველოში. `ტიენსის` შეჩერების შემდეგ, ამ კომპანიაში გაძლიერებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი ოფისები გაეხსნათ და `ტიენსის` პრინციპით გაეგრძლებინათ მუშაობა. ერთ-ერთი მათგანია `Pr ჯგუფი`, ასევე არის `MLM technology` (Multy Level Marketing, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქსელურ მარკეტინგს), რომელიც ტექნიკის დისტრიბუციაზე მუშაობს.`

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან `ტიენსი` როგორც კომპანია, საქართველოში აღარ ფუნქციონერებს, 2008 წლის აპრილში, დოლაბაურის ქუჩაზე სამსახურის საძებნელად მისულ სალომე ცეცხლაძეს, კომპანია `ტიენსად` გაეცნენ და ტრეინინგების გასავლელად 20 ლარი მოსთხოვეს. კურსის გავლის დროს მას უთხრეს, რომ საჭირო იყო მათ მიერ შეთვაზებული წიგნების ყიდვა. სალომეს წიგნები არ უყიდია, თუმცა ტრეინინგზე დამსწრეთა უმეტესობამ წიგნები იქვე შეიძინა. წინა რესპონდენტის მსგავად, თავიდან სალომესთვისაც არავის უთქვამს, რომ საჭირო იქნებოდა თანხა ექვსასი ლარის ოდენობით. ამის გაგონების შემდეგ კომპანიაში აღარც ის მისულა.

იგივე ამბავი გადახდა თავს ნიკოლოზ გოგოლაძეს, რომელმაც საერთაშორისო კომპანიას საოფისე სამსახურის საშოვნელად ელბაქიძის აღმართზე მდებარე ოფისს, 2003 წელს, მიმართა. წლების განმავლობაში ჯერ კომპანია `ტიენსი` და შემდეგ მისი საქმიანობის გამგრძელებელი სხვა კომპანიები ერთი სისტემით მუშაობენ. განცხადებაში უთითებენ მაღალანაზღაურებად საოფისე სამსახურს ადგილზე შესწავლით, თუმცა იქ მისულს, ხვდებათ ფასიანი ტრეინინგები. ტრეინინგების გავლის შემდეგ იგებენ, რომ საჭიროა დამატებით თანხა პროდუქციის შესაძენად და გასავრცელებლად. ამ პროდუქციის გაყიდვის შემდეგ თანხა მათ უკან უბრუნდებათ, გარდა ამისა, ყოველი ახალი ადამიანის ჩართვა ამ საქმეში, მათ გარკვეულ ქულებს უგროვებთ, რომელც კომპანიაში საფეხურის აწევაში ეხმარებათ.

http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&info_id=43475&date=2008-11-04&new_month=11&new_year=2008

Friday, February 13, 2009

ავისმომასწავებელი სიცარიელე სიღნაღში



[ნინო
გელაშვილი,
თბილისი-სიღნაღი-თბილისი,
”ვერსია”]

რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანი ომის შემდეგ, სიღნაღს ტურისტები შემოაკლდა. ქალაქი დამთვალიერებლებისგან ავისმომასწავებლად დაცარიელდა. ომამდე სიღნაღელები ნაკლებად წარმოიდგენდნენ, თუკი ასეთი საფრთხე დაემუქრებოდა პრეზიდენტის ინიციატივას - სიღნაღი ქცეულიყო საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. აგვისტოს მოვლენებამდე, აქ მართლაც მრავალ ტურისტს ნახავდით. სიღნაღელებიც იმედით ცხოვრობდნენ, რომ მათი მშობლიური ქალაქი კიდევ და კიდევ განვითარდებოდა.


სიღნაღის ტურიზმის ბიზნეს-ინკუბატორის წარმომადგენლის, გელა ჯავახიშვილის თქმით, ბოლო თვის განმავლობაში, ქალაქის შემოსავლებმა არათუ იკლო, არამედ ომის დღეებში საერთოდ გაჩერდა. ყველა პოტენციურმა სტუმარმა გააუქმა წინასწარი შეკვეთა. საელჩოებმა გააფრთხილეს თავიანთი მოქალაქეები, რომ საქართველოში გადაადგილება ომის პერიოდში უსაფრთხო არ იქნებოდა.

”ხალიჩების სახლის” ხალიჩების მქსოველებიც ჩივიან, რომ ომის შემდეგ ტურისტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მათ მაღაზიაში, საერთოდ, აღარავინ შესულა.
დაზარალდა სასტუმროების ქსელის, ”რჩეულის” სიღნაღის სასტუმრო ”ფიროსმანი”. მისი ადმინისტრატორი ნიკოლოზ მინაშვილი აღნიშნავს, რომ ომის შედეგები პირდაპირ და მნიშვნელოვნად აისახა მათ ბიზნესზე. უცხოელებისგან ბევრი დაჯავშნული ნომერი ჰქონდათ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე, სტუმრობა ყველამ გადაიფიქრა. მართალია, ომის შემდეგ სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ სიღნაღში ახლა, ძირითადად, ქართველები ჩადიან, უცხოელები კი ჯერ კიდევ თავს იკავებენ.
”სასეირნოს” მძღოლს, ავთანდილ ალაბეგიშვილს მოსეირნეები შემოაკლდა. მისი თქმით, ომის შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა ტურისტების რაოდენობა. ქალაქში, პრაქტიკულად, აღარ არის მოძრაობა. ბოლო ხანს, სიღნაღის ნახვის მსურველთა რიცხვმა ოდნავ იმატა, მაგრამ იმდენი მაინც არ არის, რაც ომამდე იყო.

სუპერმარკეტ ”პოპულში” ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზად სეზონსაც ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ომის დროს, სიღნაღში ხალხმრავლობა იყო. ალბათ იმიტომაც, რომ ვისაც საშუალება ჰქონდა, ყველა კახეთში ჩადიოდა, რადგან ყველაზე უსაფრთხო კუთხედ ითვლებოდა. სასტუმრო ”სიღნაღის” თანამშრომლის, სოფო ჯიბღაშვილის თქმით, ომის დროს, მათ სასტუმროს პაკისტანელები ”აფარებდნენ თავს”, ომის შემდეგ კი, საერთოდ, აღარ ჰყავდათ სტუმრები და მხოლოდ ახლახან - სექტემბრის ბოლოს გამოჩნდნენ გერმანელები.
სასტუმრო ”ცისკარის” დიასახლისის თქმით, ომის დღეებში მათ რუსი ტურისტები ეწვივნენ ორი ავტობუსით.

”რესპუბლიკური პარტიის” რაიონულ ოფისში, თენგიზ ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ტურისტების სიმცირის მიზეზი არა მარტო ომი, არამედ სასტუმროების მაღალი ფასია. ოჯახური სასტუმროები კი იაფია, მაგრამ იქ მომსახურების დაბალი დონეა. მისივე თქმით, სიღნაღში დამთვალიერებლების მოზღვავება არჩევნების დროს იყო, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ექსკურსიებს აწყობდნენ.

სიღნაღის მუზეუმში ამბობენ, რომ დამთვალიერებლების რაოდენობა ომამდე ბევრად მეტი იყო. სკოლებიდან ხშირი ექსკურსიების გამო, მუზეუმის შესასვლელთან რიგებიც კი იდგა. ომის დღეებში მუზეუმი არავის აინტერესებდა. ბოლო დროს, დამთვალიერებლები კვლავ გამოჩნდენ, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენი მაინც არ არის, რაც მანამდე იყო.

ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს დიასახლისი, რომელმაც იკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა, დამწუხრებულია, რომ მათთან ტურისტები საერთოდ აღარ მიდიან. სტუმრების ნაკლებობას კი მარტო ომს არ უკავშირებს: ”ქალაქი სტუმრებისთვის სათანადოდ მომზადებული არ არის. საკონფერენციო დარბაზები არ არის, რომ კონფერენციები და სემინარები ჩატარდეს. ინფრასტრუქტურაც არაფერზეა გათვლილი. მხოლოდ ”ვაშა!” და ”მიშა მაგარია!” იყო მთავარი. კი, გაკეთდა და გარემონტდა ქალაქი, მაგრამ მთავარია, როგორ გაკეთდა და რისთვის. მე ისედაც ვიცოდი, რომ სიღნაღი მალე გადავიდოდა მოდიდან და, აჰა, გადავიდა კიდეც!.. სახლის მოსაწყობად კრედიტი არც ამიღია”.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტს ტურიზმის საკითხებში, ნანა ქოქიაშვილს სიღნაღში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საოჯახო სასტუმრო აქვს.
სიღნაღში არსებულ ვითარებაზე ნანა ქოქიაშვილი საკუთარ შეფასებებს გვაცნობს: ”ქალაქი რაც გაკეთდა, უფრო მეტად ქართველი დამთვალიერებლები ჩამოდიოდნენ. ომის დროს ეს ნაკადი შეწყდა. ტურიზმის დეპარტამენტი, ამ მხრივ, დიდ საქმეს აკეთებდა - ავტობუსებით ჩამოჰყავდა მოსწავლეები, აწყობდა უფასო ექსკურსიებს. ომის დროს, ტურისტულმა სააგენტოებმა ტურები გააუქმეს. ომის შემდეგ, კანტი-კუნტად შემოდიან მოგზაური ტურისტები აზერბაიჯანის მხრიდან და ზოგჯერ - ახალდაქორწინებულები, რომელთაც ჰგონიათ, რომ აქ ერთ კვირას დარჩებიან. თუმცა, მაქსიმუმ, ორ-სამ დღეს გაჩერდეს ვინმე ამ ქალაქში.
ამ ქალაქს სჭირდება ერთი დღე, სრულყოფილად რომ დაათვალიერო. ინფრასტრუტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, მომსახურების სფერო განვითარებული არ არის, სასტუმროების ფასი მაღალია, ოჯახური სასტუმროები კი დაბალ დონეზეა. საოჯახო სასტუმროების მოსაწყობად ხალხმა ფული არ ჩადო. იყო საუბარი, რომ გაიცემოდა ტურისტული სესხები ”საქართველოს ბანკიდან”, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ მიზეზის გამო, ჩვენთან ომის დროს ტურისტების რაოდენობის შემცირებას არ გამოუწვევია ისეთი მძიმე შედეგები, რაც აჭარაში მოხდა, სადაც მასობრივად აიღეს სესხები და ტურისტული სეზონის ჩავარდნის შემდეგ დაზარალდნენ”.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი, კობა არაბული ”ვერსიასთან” საუბრისას სიღნაღში ტურისტების შემცირების განსხვავებულ მიზეზსაც ასახელებს: ”ტურისტული სიღნაღის თემა უფრო ეიფორია იყო, ვიდრე გეგმაზომიერი, გათვლილი და გარკვეულ ანგარიშებზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც მოიტანდა იმ შედეგებს, რასაც გარკვეულწილად, ელოდნენ სიღნაღელები.
დღემდე ვერავინ ნახა სიღნაღის ტურისტული პროგრამა, რომელიც იქნებოდა დამუშავებული, დაწერილი და დახატული. არ არსებობდა ინფორმაცია, რა კეთდება და რისთვის კეთდება დღეს სიღნაღში, საბოლოოდ რას გამოიწვევს, რას შეცვლის, რას დატოვებს, როგორ აღადგენს ძველს (თუ აღადგენს, საერთოდ) და ყველაფერი ეს როგორ მოემსახურება მასპინძლობის ინდუსტრიას. სწორედ ამიტომ, მსგავსი გეგმა რაკი არ არსებობდა, ეს იყო მხოლოდ ეიფორია და დღეს ეს ეიფორია, უბრალოდ ნელ-ნელა გადის”.



 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino