Saturday, February 14, 2009

ჯართის ბიზნესით დაკავებული კომპანიები გაკოტრების გზაზეა


ნინო გელაშვილი

`ვერსია`



უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში შავი და ფერადი ლითონების ბიზნესით დაკავებული კომპანიები შეფერხებით მუშაობენ. ზოგმა მათგანმა კი საერთოდ შეაჩერა საქმიანობა. კომპანიების უმეტესობა მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს.


საქართველოს ექსპორტში 2008 წლის სექტემბრამდე ჯართს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-სექტემბერში, შავი ლითონების ჯართს საქართველოს ექსპორტის 9,5% ეკავა და 2007 წლის მსგავსად, ექსპორტში მეორე ადგილზე იყო. შავ ლითონებთან შედარებით, დაბალია სპილენძის ჯართის მაჩვენებელი _ 2,2%.


როგორც საზღვარგარეთ გამტანი, ისე ადგილზე ინვესტორების მოზიდვით დაკავებული ლითონების მიმღები პუნქტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი კომპანიები გაკოტრების გზაზეა.


კომპანია `მეტალექსპორტის~ მენეჯერის, ნინო იმნაიშვილის თქმით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ მათთან არც ერთი ინვესტორი არ მისულა. კრიზისამდე ფერადი ლითონის ერთი ტონის საშუალო ღირებულება 1800 დოლარი იყო, დღეს კი 1000 დოლარადაც ვერ ყიდიან. ამ დროისთვის მათ 40 ტონა გასაყიდი საქონელი აქვთ. კომპანიაში მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ.


ამ დროისთვის შავი ლითონების ფასი 70-დან 120-მდე ლარში მერყეობს. თუმცა, მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ ამ ფასად ჯართის ჩაბარება თითქმის არავის უნდა. მათი თქმით, ბევრი პუნქტი საერთოდ დაიკეტა. შავი ლითონების გამტანი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, აგვისტოს ომის დროს თურქეთიდან გემები ვერ შემოვიდა, რასაც ეკონომიკური კრიზისიც დაემთხვა და საქონელი გასატანი დარჩათ.


ექსპერტი გია ხუხაშვილი, მიიჩნევს შექმნილი სიტუაციის ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირება არასწორია. მისი თქმით, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრებზე ფასები გარკვეულწილად დაწეული იყოს, მაგრამ დოლარის კურსის ზრდას, პირიქით, ბიძგი უნდა მიეცა ამ ბიზნესის განვითრებისთვის. შესყიდვა ხდება ლარში და ექსპორტი დოლარში, ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო სტიმულის მიმცემი. ექსპერტ ხუხაშვილის თქმით, ჯართის ბიზნესი ქვეყანაში ეკონომიკურად წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჯართის მოხმარება ქართულ წარმოებაში მოხდებოდა. ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მეტალუგიულ საწარმოებს ნედლეულზე მოთხოვნა არ განელებიათ. ამიტომ შავი და ფერადი ლითონების ბიზნესის შეფერხებას ხელოვნურად შექმნილს უწოდებს.


მდგომარეობის მსოფლიო ეკონომიკის კრიზისთან კავშირს ლოგიკურად მიიჩნევენ სხვა ეკონომისტები. ექსპერტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ ბევრ კომპანიას აქვს პრობლემები და გამორიცხული არ არის, მსგავსს სიტუაციაში იყვნენ ქართული ჯართის ბიზნესით დაკავებული კომპანიების პარტნიორები. მისი თქმით, მდგომარების გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართულ კომპანიებს მოუწევთ ახალი ბაზრების მოძიება ან შესაძლოა ჯართის ჩაბარება ადგილზე უფრო მომგებინი გახდეს.


ჯართის მიმღები ქართული კომპანიების თქმით, ამ ეტაპზე ისინი თავს იკავებენ საქონელის იაფად გაყიდვისგან და მდგომარეობის გამოსწორებას ელოდებიან.

0 comments:

 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino