Saturday, February 14, 2009

`შრომის ბირჟა ხელისუფლებამ დაანგრია!`


ნინო გელაშვილი

`ვერსია`

13 თებერვალი, 2009

ეკონომიკური კრიზისის ფონზე დასაქმების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. გახშირდა საუბრები შრომის ბირჟისა და უმუშევართთათვის კომპენსაციის დანიშვნაზე. იმატა დასაქმების სააგენტოების რიცხვმა. თუმცა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.


პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოში უმუშევრად 350 000 ადამიანი ითვლება. მონაცემები აღიცხულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, რომლის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება ისიც კი, ვისაც პატარა მიწის ნაკვეთი მაინც აქვს საკუთრებაში.


`ეს დასაქმებას რომ ვერ განსაზღვრავს, ყველასთვის ნათელია. ევროპულ ქვეყნებში მიწა ნამდვილად არის შემოსავლის წყარო, მაგრამ იგივე ფორმულის გამოყენება საქართველოს პირობებში, სადაც გლეხს არც სასუქზე არ აქვს სუბსიდია, არც აგრარული ბაზარია მოწესრიგებული, არც ტექნიკა აქვს რომ მიწა დაამუშავოს, რეალურ სურათს არ იძლევა. შეიძლება ადამიანს დიდი მიწის ნაკვეთი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ მიწიდან შემოსავალს იღებს. მიუხედავად ამისა, ამაზე უკეთესი ფორმულა ჯერ არავის გამოუგონია და ვერც გამოვიგონებთ. იგივე იმ სოფლებში, ვიღაც მართლაც სარგებლობს მიწით და იღებს შემოსავალს.


რეალური სურათის მისაღებად სტატისტიკის დეპარტამენტი უნდა ადგენდეს, ვინ იყენებს ამ მიწას და ვინ _ არა. რადგან სახელმწიფომ ეს ვალდებულება მოიხსნა და არანაირ სტატისტიკას არ აწარმოებს, ჩვენ იძულებული ვართ დავეყრდნოთ პროფკავშირების მონაცემებს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა 14%-ს შეადგენს, მაგრამ რეალურად 22-23%,-ია~- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სტრუქტურაა და ის მოქმედებს 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროს წევრი გახდა.


რაც შეეხება, უმუშევრობის კომპენსაციას, დღეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის მისი გადახდის ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს. კერძო სექტორში კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში უმუშევრად დარჩენილს დამსაქმებელი უხდის ერთი თვის კომპენსაციას. კონტრაქტის დროულად დამთავრების შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი არაფერს იღებს. სახელმწიფო სექტორში კომპენსაციას იღებენ საჯარო მოხელეები თუ ისინი სამსახურიდან დამსაქმებლის სურვილით განთავისუფლდნენ.


ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, `შრომის ბირჟა მოშალა ხელისუფლებამ და აღარ არსებობს. ჩვენი ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს, რომ დაწესდეს შრომის ბირჟა, რომელიც, ერთი მხრივ, აღრიცხავს რამდენი ადამიანია უმუშევარი, მეორე მხრივ, დასაქმებაში დაეხმარება ადამიანებს.~


გარკვეულწილად შრომის ბირჟის ფუნქციას ასრულებენ ე.წ. დასაქმების სააგენტოები. მათი მომსახურება ფასიანია და ასაკობრივი შეზღუდვაც მოქმედებს.


`დასაქმების სააგენტოს~ თანამშრომლის, მადონა სიჭინავას თქმით, ისინი თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გაზეთებით ავრცელებენ. მსურველები მათთან აფიქსირებენ თავიანთ მონაცემებს და ასე იქმნება დასაქმების მსურველების ბაზა. ვაკანსიის მქონე კომპანიები მათ უკავშირდებიან და სასურველ კანდიდატს არჩევენ. მონაცემების ბაზაში ერთი თვით განთავსებისთვის დასაქმების მსურველები ცენტრს 10 ლარს უხდიან. სამსახურში მოწყობის შემთხვევაში ცენტრი მათ პირველი ხელფასიდან 50 ლარს ართმევს. თუმცა, სხვადასხვა სააგენტოები პირველი ხელფასიდან განსხვავებულ თანხას იღებენ. წილი ზოგჯერ ხელფასის 30 ან 50%-ია.


მადონა სიჭინავა ამბობს, რომ შეიძლება დღეში ასმა მსურველმა დარეკოს, მაგრამ დამსაქმებლების რაოდენობა ძალიან ცოტაა და თვეში დაახლოებით 15-20 კაცის დასაქმებას ახერხებენ. ძირითადი მოთხოვნა ძიძებზე, მიმტანებზე, მზარეულებსა და დაცვის თანამშრომლებზეა. მისი თქმით, მათთან ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს, რადგან 40 წელს გადაცილებულებს თითქმის არავინ განიხილავს ვაკანსიაზე.


დამსაქმებლების სიმცირეზე საუბრობენ დასაქმების ცენტრ `ჩვენს ოჯახში~. როგორც ამბობენ, მათთან დაკავშირებული ადამიანების 98% დასაქმების მსურველია და მხოლოდ 2% დამსაქმებელი.


`ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის~ დასაქმების სააგენტოს ბაზაში ძირითადად ინტელექტუალური სამსახურის მაძიებლები რეგისტრირდებიან. პროექტების კოორდინატორის, ელენე ოყროშიძის თქმით, დამსაქმებლები ის კომპანიები არიან, ვისაც მენეჯმენტის ცენტრის კონსულტაცია აქვთ მიღებული. მოთხოვნა ძირითადად მენეჯერებსა და ფინანსურ მენეჯერებზეა. გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით ყველაზე დიდი მოთხოვნა 20-40 წლამდე ასაკის პარიკმახერებზე, მიმტანებზე, კონსულტანტებზე, გამყიდველებზე, ძიძებსა და დაცვის თანამშრომლებზეა.

1 comments:

Sophie שרה Golden said...

გამიხარდა შენი ბლოგის ნახვა, ნინო, წარმატებებს გისურვებ.
ერთ პატარა რჩევასავით მოგცემ, შეეცადე ცოტა უფრო პატარა ინფორმაცია დადო, უფრო ადვილად წაიკითხება ბლოგზე.

 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino