Saturday, February 14, 2009

ფასიანი სწავლება ფასიანი სამსახურისთვის

ნინო გელაშვილი, `24 საათი~

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეტროსადგურებთან და სასწავლო დაწესებულებებთან ხშირად არიგებენ საინფორმაციო ფურცლებს, სადაც მითითებულია, რომ ბიზნეს კომპანია სამუშაოდ იწვევს ახალგაზრდებს საქმის ადგილზე შესწავლითა და მზარდი ანაზღაურებით. მსგავსი განცხადებები ვრცელდება ინტერნეტით, გაზეთებისა და ტელევიზიების მეშვეობით. უმეტეს შემთხვევაში, დასაქმების მსურველი ამ განცხადებებს ქსელური მარკეტინგით მომუშავე კომპანიებთან მიჰყავს. თუმცა, დაპირებული სამუშაო ხშირად ცარიელ სიტყვებად რჩება, ხოლო სამსახურის დასაწყებად საჭირო ტრეინინგ კურსის საფასური _ დაკარგულ ფულად.

`Pr ჯგუფში` თამთა წიკლაური ორი თვის წინ გაზეთ `სიტყვა და საქმეში` წაკითხული განცხადებით მოხვდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის #39-ში გასაუბრებაზე მოსულს კომპანიაში დასაქმებით ლამაზი მომავალი დაუხატეს. აუხსნეს, რომ მუშაობისას ისინი კომპანია `ტიენსის` პრინციპით სარგებლობდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა სახის სამუშაოს სთვაზობდნენ. მუშაობას კი იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ტრეინინგ-კურსს გაივლიდა, რომელიც 30 ლარი ჯდებოდა. ფულის გადახდისას მას მისცეს ქვითარი, რომელზეც არ ყოფილა არანაირი ბეჭედი, კურსის მესამე შეხვედრაზე კი მოსთხოვეს ეს ქვითარი უკან დაებრუნებინა. ტრეინინგების გავლის დროს მან შემთხვევით გაიგო, რომ ამ კურსის შემდეგ მუშაობის დასაწყებად საჭირო იყო 600 ლარი. თუმცა მისთვის ამის შესახებ წინასწარ არავის უთქვამს. ამის გაგების შემდეგ თამთა აღარ დაინტერესებულა კომპანიაში საქმიანობით, მისი თქმით, არსად იყო იმის გარანტია, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ, ის მართლაც დაიწყებდა მუშაობას და გადაწყვიტა კომპანიაში აღარ მისულიყო.

თამთა წიკლაურის თქმით, მსგავსი ამბავი მხოლოდ მას არ შეემთხვა და ასე მოტყუებული ბევრი ახალგაზრდა რჩება. როგორც დასაქმების სხვა მსურველები ამბობენ, ტრეინინგების შემდეგ 600 ლარი მათ პროდუქციის შესაძენად და მისი რეალიზაციისთვის სჭირდებოდათ. თუმცა, ამის შესახებ წინასწარ არავინ არაფერი იცოდა. `Pr ჯგუფის` ტრეინინგების სპიკერი, ბაქარ გელაშვილი, განმარტავს, რომ ისინი `ტიენსის`მოდელზე, ქსელური მარკეტინგით მუშაობენ. მისი თქმით, მათი საქმე სწავლებაა და არა დასაქმება. ისინი სამომავლოდ სასწავლო ცენტრების დაფუძნებასაც გეგმავენ. ერთკვირიანი ტრეინინგ-კურსი 30 ლარი ჯდება.

როგორც ბაქარ გელაშვილი ამბობს, ქსელური მარკეტინგისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება, ამიტომ შესაძლოა დასაქმების მსურველი პირველივე ინტერვიუდან მთლიანად ინფორმირებული ვერ წავიდეს. თუმცა, ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას იმით ხსნის, რომ ზოგადად წარმატებული ადამიანი უფრო ნაკლებია, ვიდრე წარუმატებელი. შესაბამისად, მათ, ვისაც მუშაობა ეზარება და ფულის შოვნის მარტივ გზას ეძებს, კომპანიის პირობები არ აკმაყოფილებთ. შეკითხვაზე რატომ არის ამ კომპანიებში ტრეინინგები ფასიანი, როცა სხვა ორგანიზაციებში მუშაობის დაწყების წინ უფასო ტრეინინგებს ატარებენ, გვპასუხობს, რომ სხვა ორგანიზაციები ვიწრო ცოდნას აძლევენ, მათ მიერ მიცემული განათლება კი ზოგადად ბიზნესის სფეროში არის გამოსადეგი.

რაც შეეხება კომპანია `ტიენსს`, ბაქარ გელაშვილის თქმით, `ის საქართველოში 2003 წელს შემოვიდა და მთავარი ოფისი სასტუმრო `თბილისი მერიოტში` ჰქონდა. 2008 წლის დასაწყისიდან, სახელმწიფოსთან შექმნილი საგადასახადო პრობლემების გამო, `ტიენსი` აღარ ფუნციონერებს. ახლა მხოლოდ სპეციალური შეკვეთით შემოდის კოსმეტიკა მცირე რაოდენობით და სხვადასხვა კომპანიებით ვრცელდება. დღეისათვის `ტიენსის` წარმომადგენლები ამზადებენ ბაზას, იმისათვის, რომ კომპანია კვლავ შემოვიდეს საქართველოში. `ტიენსის` შეჩერების შემდეგ, ამ კომპანიაში გაძლიერებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი ოფისები გაეხსნათ და `ტიენსის` პრინციპით გაეგრძლებინათ მუშაობა. ერთ-ერთი მათგანია `Pr ჯგუფი`, ასევე არის `MLM technology` (Multy Level Marketing, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქსელურ მარკეტინგს), რომელიც ტექნიკის დისტრიბუციაზე მუშაობს.`

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან `ტიენსი` როგორც კომპანია, საქართველოში აღარ ფუნქციონერებს, 2008 წლის აპრილში, დოლაბაურის ქუჩაზე სამსახურის საძებნელად მისულ სალომე ცეცხლაძეს, კომპანია `ტიენსად` გაეცნენ და ტრეინინგების გასავლელად 20 ლარი მოსთხოვეს. კურსის გავლის დროს მას უთხრეს, რომ საჭირო იყო მათ მიერ შეთვაზებული წიგნების ყიდვა. სალომეს წიგნები არ უყიდია, თუმცა ტრეინინგზე დამსწრეთა უმეტესობამ წიგნები იქვე შეიძინა. წინა რესპონდენტის მსგავად, თავიდან სალომესთვისაც არავის უთქვამს, რომ საჭირო იქნებოდა თანხა ექვსასი ლარის ოდენობით. ამის გაგონების შემდეგ კომპანიაში აღარც ის მისულა.

იგივე ამბავი გადახდა თავს ნიკოლოზ გოგოლაძეს, რომელმაც საერთაშორისო კომპანიას საოფისე სამსახურის საშოვნელად ელბაქიძის აღმართზე მდებარე ოფისს, 2003 წელს, მიმართა. წლების განმავლობაში ჯერ კომპანია `ტიენსი` და შემდეგ მისი საქმიანობის გამგრძელებელი სხვა კომპანიები ერთი სისტემით მუშაობენ. განცხადებაში უთითებენ მაღალანაზღაურებად საოფისე სამსახურს ადგილზე შესწავლით, თუმცა იქ მისულს, ხვდებათ ფასიანი ტრეინინგები. ტრეინინგების გავლის შემდეგ იგებენ, რომ საჭიროა დამატებით თანხა პროდუქციის შესაძენად და გასავრცელებლად. ამ პროდუქციის გაყიდვის შემდეგ თანხა მათ უკან უბრუნდებათ, გარდა ამისა, ყოველი ახალი ადამიანის ჩართვა ამ საქმეში, მათ გარკვეულ ქულებს უგროვებთ, რომელც კომპანიაში საფეხურის აწევაში ეხმარებათ.

http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&info_id=43475&date=2008-11-04&new_month=11&new_year=2008

0 comments:

 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino