Wednesday, March 4, 2009

რეფერენდუმი თუ საპროტესტო აქციები?!


ნინო გელაშვილი
ნინო თოფურიძე

გაზეთი `ვერსია`
4-5 მარტი, 2009 წ.

ოპოზიცია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლობაზე ერთსულოვნად თანხმდება, თუმცა, მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირების საილუსტრაციოდ სხვადასხვა ხერხს ირჩევს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ საკუთარი პოზიცია რეფერენდუმით უნდა დააფიქსიროს, ნაწილი კი ერთადერთ გამოსავლად საპროტესტო აქციებს ხედავს.

`ვერსია~ დაინტერესდა რომელ გზას ანიჭებს მოსახლეობა უპირატესობას და ამ მიზნით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 ადამიანი გამოკითხა.

შედეგები ასე გადანაწილდა:
30% რეფერენდუმი;
28% აქცია;
18% არ ვიცი;
24% არ ჩატარდეს არჩევნები.

გამოკითხულთა უმრავლესობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ემხრობა და პოზიციის გამოსახატად უპირატესობას რეფერენდუმს ანიჭებს. მათი აზრით, ის არის ყველაზე ცივილური, ობიექტური და კანონიერი გზა მოსახლეობის აზრის გასაგებად. ხალხის თქმით, რეფერენდუმი იქნება იმის გარანტი, რომ ცვლილებები მოხდეს კონსტრუქციულად და ბოლო მოეღოს ემოციურ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ის არ გამოიწვევს ქვეყანაში არეულობას, აგრესიას და არ დაარღვევს საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმს. აქციებს კი ყოველთვის მოაქვს არეულობა.

რეფერენდუმის მხარდამჭერთა საპასუხოდ, აქციის მომხრეები ამბობენ, რომ რეფერენდუმი არის ცივილური მეთოდი, მაგრამ არსებული ხელისუფლება არ არის ცივილური. ისინი რეფერენდუმის შედეგების გაყალბებას არ გამორიცხავენ. მათი აზრით, ჯერჯერობით რეფერენდუმი მხოლოდ ბლეფია და თავის მოტყუება. `რა ჩატარებულა ამ ქვეყანაში ობიექურად, ეგ რომ ჩაატარდეს?~ კითხულობს გამოკითხულთა ნაწილი. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ აქციები არ გაიწელება დროში და გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მოიტანს შედეგს.

საზოგადოების ნაწილი პოზიციის დაფიქსირების საუკეთესო გზას ვერ ასახელებს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, მაგრამ რა გზით, ამაზე ფიქრს პოლიტიკოსებს ანდობენ.

გამოკითხულთა ნაწილი კი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცლას ემხრობა, არც რეფერენდუმს უჭერს მხარს და არც აქციას. ისინი ერთ შემთხვევაში დროში გაწელას, მეორეში კი არეულობას ერიდებიან. თუმცა, სხვა გზას მაინც ვერ ხედავენ. ალტერნატივა მხოლოდ ორს აღმოაჩნდა: `არ შეძლება რომ ერთ დღეს სააკაშვილი მიხვდეს, მისი დრო წავიდა და უბრალოდ გადადგეს?~ შეკითხვის ავტორი ამბობს, რომ ამის არარეალურობაში თავადაც დარწმუნებულია.

ხალხის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრი ზედმეტია. ამ კატეგორიის ნაწილს პრეზიდენტი აკმაყოფილებს. მათი აზრით, პრეზიდენტი სააკაშვილი მძიმე მსოფლიო პოლიტიკის ფონზე მოსახლეობაზე ზრუნავს და მას ალტერნატივა არ ჰყავს.

ბოლო კატეგორიაში მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომელთაც ზუსტად არ აქვთ გარკვეული საჭიროა თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში ისინი ვერ ხედავენ უკეთეს კანდიდატურას და თავს ქართული ანდაზით იმშვიდებენ: შეჩვეული ჭირი სჯობსო.

ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები დამღლელი და უშედეგოა. ქვეყანაში ცვლილებები უდავოდ საჭიროა, თუმცა არჩევნების ეფექტურობაში დარწმუნებულები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ უკვე მერამდენედ მივიდნენ საარჩევნო ურნასთან და არჩევანი დაიმედებულმა გააკეთეს, თუმცა შედეგი არც ერთხელ გამოუღია.

Sunday, March 1, 2009

ახალმა კანონმა დაცვის სამსახურებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია


ნინო გელაშვილი

`24 საათი`
13 იანვარი, 2008 წ.

2009 წლის თებერვლიდან საქართველოს კანონი `კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ~ სრულად ამოქმედდება. კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. კანონმა კერძო დაცვით სამსახურების ხელმძღვანელების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კერძო დაცვითი საქმიანობა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში სათანადო დონეზეა მოწესრიგებული. საქართველოში კი, აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, კერძო დაცვითმა ორგანიზაციებმა ზუსტად არ იცოდნენ რა იყო მათი უფლებები და რა ვალდებულებები ეკისრებოდათ მათ კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების პროცესში. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები, პავლე კუბლაშვილი, მურთაზ ზოდელავა და ლაშა თორდია, იყვნენ.
აღნიშნული კანონით, დაცვითი ორგანიზაციის მიერ დამკვეთისთვის მატერიალური ზიანის ასანაზრაურებლად საბანკო გარანტია 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებელი, `სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების~ საქართველოს კანონის თანახმად, 50 000 ლარით განისაზღვრა.

ახალი კანონის მიმართ განხვავებული შეხედულება აქვთ კერძო დაცვის სამსახურებში.

,დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური `გისონის~ დირექტორი, ირაკლი ნინუა ამბობს, რომ ისინი მიესალმებიან კანონის მიღებას, ვინაიდან ეს საქმიანობა რეგულაციას საჭიროებდა. რაც შეეხება სალიცენზიო თანხას, მისი თქმით, `იგი განუსაზღვრელი ვადით გაიცემა და ნორმალური თანახაა. რაც შეეხება საბანკო გარანტიას, ეს შეიძლებოდა შეცვლილიყო, მაგრამ რადგან კანონმდებელმა ასე ჩათვალა საჭიროდ, ჩვენ ვეცდებით, ეს რომ მომავალი წლიდან ავსახოთ ჩვენს საქმიანობაში ლიცენზიის მიმღების სტატუსის დროს. რა თქმა უნდა, ეს აისახება მომსახურების ფასებზე. ჩვენი პოზიცია არის, რომ კანონი მიღებულია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ.~

დაცვის და უსაფრთხოების სამსახური `დარაკას~ გენერალური დირექტორი, ლევან დალბაშვილი, კი მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კერძო დაცვითი სამსახურების 98% ალბათ ახალი კანონით განსაზღრული წესების შესრულებას ვერ შეძლებს და დაიხურება. `15 000 კაცზე მეტი, რომელიც დღეს დასაქმებულია და მინიმალურ ხელფასს მაინც იღებს, აღმოჩნდება უმუშევარი. ჩვენი კომპანიის საქმინობის გაგრძელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ალბათ, შევწყვეტთ მუშაობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ყველა გზა მოჭრილია. ეს არ არის ისეთი შემოსავლის მქონე ორგანიზაციები, რომლებიც ამას შეძლებენ. კერძო სამსახურებს კერძო დაცვის სამსახურებთან მუშაობა ურჩევიათ და კერძო დაცვით კომპანიებს ამ კანონმა ძალიან პრობლემური მდგომარეობა შეუქმნა. შეიძლება ვინმემ წვრილი კომპანიების გართიანებზე იფიქროს, მაგრამ გაერთიანება კიდევ ახალ პრობლემებს ქმნის,~ - ამბობს ლევან დალბაშვილი.

წვრილი დაცვითი კომპანიების რაოდენობის შესაძლო შემცირებაზე საუბრობს, დაცვის სამსახური `ალიგატორის~ დირექტორი ზურაბ გორგაძეც: `ვისაც შესაძლებლობა არ აქვს და მცირე რაოდენობის ობიექტები აქვს, ის რა თქმა უნდა, გაუქმდება. რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ ეს თანხა გადაიხადოს? ვისაც რაიმე რესურსი აქვს ან ინვესტიციებს მოიძიებს, ის გადაიხდის. მსხვილი უფრო გამსხვილდება და წვრილი აღარ იარსებებს. ზოგმა სამსახურმა შეიძლება გაზარდოს გადასახადი. საერთოდ ზედმეტი გადასახდელი, ალბათ გამოიწვევს საფასურის გაზრდას. ლიცენზიიის გადასახადში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს პრობლემა არ არის, ლიცენზირებაა და გადასახდელია. სხვა რაღაცებია კანონში, ისეთი რაც კონსტიტუციასთან მთლად შეთავსებით არ არის. ეს კანონი ყველას არ ეხება, ვინც დაცვით საქმიანობას ეწევა. საერთოდ ბევრი კითხვა ჩნდება კანონთან მიმართებით, ამიტომ რაღაცებია დასახვეწი ან რაიმე ქვე ნორამტიული აქტი იქნება საჭირო.~

`კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ~ კანონის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ დაცვით საქმიანობას, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება 2009 წლის 1 მარტამდე უნარჩუნდებათ.

 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino