Wednesday, March 4, 2009

რეფერენდუმი თუ საპროტესტო აქციები?!


ნინო გელაშვილი
ნინო თოფურიძე

გაზეთი `ვერსია`
4-5 მარტი, 2009 წ.

ოპოზიცია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლობაზე ერთსულოვნად თანხმდება, თუმცა, მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირების საილუსტრაციოდ სხვადასხვა ხერხს ირჩევს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ საკუთარი პოზიცია რეფერენდუმით უნდა დააფიქსიროს, ნაწილი კი ერთადერთ გამოსავლად საპროტესტო აქციებს ხედავს.

`ვერსია~ დაინტერესდა რომელ გზას ანიჭებს მოსახლეობა უპირატესობას და ამ მიზნით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 ადამიანი გამოკითხა.

შედეგები ასე გადანაწილდა:
30% რეფერენდუმი;
28% აქცია;
18% არ ვიცი;
24% არ ჩატარდეს არჩევნები.

გამოკითხულთა უმრავლესობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ემხრობა და პოზიციის გამოსახატად უპირატესობას რეფერენდუმს ანიჭებს. მათი აზრით, ის არის ყველაზე ცივილური, ობიექტური და კანონიერი გზა მოსახლეობის აზრის გასაგებად. ხალხის თქმით, რეფერენდუმი იქნება იმის გარანტი, რომ ცვლილებები მოხდეს კონსტრუქციულად და ბოლო მოეღოს ემოციურ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ის არ გამოიწვევს ქვეყანაში არეულობას, აგრესიას და არ დაარღვევს საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმს. აქციებს კი ყოველთვის მოაქვს არეულობა.

რეფერენდუმის მხარდამჭერთა საპასუხოდ, აქციის მომხრეები ამბობენ, რომ რეფერენდუმი არის ცივილური მეთოდი, მაგრამ არსებული ხელისუფლება არ არის ცივილური. ისინი რეფერენდუმის შედეგების გაყალბებას არ გამორიცხავენ. მათი აზრით, ჯერჯერობით რეფერენდუმი მხოლოდ ბლეფია და თავის მოტყუება. `რა ჩატარებულა ამ ქვეყანაში ობიექურად, ეგ რომ ჩაატარდეს?~ კითხულობს გამოკითხულთა ნაწილი. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ აქციები არ გაიწელება დროში და გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მოიტანს შედეგს.

საზოგადოების ნაწილი პოზიციის დაფიქსირების საუკეთესო გზას ვერ ასახელებს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, მაგრამ რა გზით, ამაზე ფიქრს პოლიტიკოსებს ანდობენ.

გამოკითხულთა ნაწილი კი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცლას ემხრობა, არც რეფერენდუმს უჭერს მხარს და არც აქციას. ისინი ერთ შემთხვევაში დროში გაწელას, მეორეში კი არეულობას ერიდებიან. თუმცა, სხვა გზას მაინც ვერ ხედავენ. ალტერნატივა მხოლოდ ორს აღმოაჩნდა: `არ შეძლება რომ ერთ დღეს სააკაშვილი მიხვდეს, მისი დრო წავიდა და უბრალოდ გადადგეს?~ შეკითხვის ავტორი ამბობს, რომ ამის არარეალურობაში თავადაც დარწმუნებულია.

ხალხის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრი ზედმეტია. ამ კატეგორიის ნაწილს პრეზიდენტი აკმაყოფილებს. მათი აზრით, პრეზიდენტი სააკაშვილი მძიმე მსოფლიო პოლიტიკის ფონზე მოსახლეობაზე ზრუნავს და მას ალტერნატივა არ ჰყავს.

ბოლო კატეგორიაში მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომელთაც ზუსტად არ აქვთ გარკვეული საჭიროა თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში ისინი ვერ ხედავენ უკეთეს კანდიდატურას და თავს ქართული ანდაზით იმშვიდებენ: შეჩვეული ჭირი სჯობსო.

ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები დამღლელი და უშედეგოა. ქვეყანაში ცვლილებები უდავოდ საჭიროა, თუმცა არჩევნების ეფექტურობაში დარწმუნებულები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ უკვე მერამდენედ მივიდნენ საარჩევნო ურნასთან და არჩევანი დაიმედებულმა გააკეთეს, თუმცა შედეგი არც ერთხელ გამოუღია.

0 comments:

 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino