Thursday, May 14, 2009

აფერა თუ კინოში გადაღების რეალური შანსი?!

ნინო გელაშვილი.
”ვერსია”
08.04.2009

http://presa.ge/index.php?text=news&i=7053

http://www.internet.ge/v2/includes/newsprint.php?category=5&news=43841

”კინოში გადასაღებად ვიწვევთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს”, - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის თითქმის ყველა უბანში დიდი ხანია ვხვდებით. ბოლო დროს, გაჩნდა განცხადებები, სადაც იგივე კომპანია რინგის ჩატარების შესახებ იტყობინება. ”ვერსია” დაინტერესდა, რეალურად, რას წარმოადგენს TV-CINEMPANY CEROL და ამ მიზნით, როგორც კინოში გადაღებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მათ სტუდიას ვეწვიეთ.
დათქმულ მისამართზე მისვლისას კარზე წარწერა დაგვხვდა: ”კინოკომპანიისა და თეატრალური აკადემიის ოფისი არის ქვემოთ სარდაფში!” სარდაფის აბრა გვაცნობდა, რომ ჩვენ ”მედეა ჩახავას თეატრალურ აკადემიაში” ვიმყოფებოდით. იქ შესულებს კი კინოსა და თეატრის ცნობილი თუ უცნობი მსახიობების უამრავი სურათი და პლაკატი, ხელოვნური ყვავილები და აჟურული ფარდები დაგვხვდა. როგორც ჩანს, სურათების უმრავლესობა ჟურნალ-გაზეთებიდან იყო ამოჭრილი.

რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დაგვიძახეს. ეს ოთახი პირველზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა. ისეთი პატარა, რომ როდესაც მაგიდასთან დავსხედით, სტუდიის ხელმძღვანელმა მეორე კარის გაღება ვერც მოახერხა და ჩვენს გამსაუბრებელს მკაცრი სახით უთხრა, აქ ხალხს ასე ნუ სვამო, თუმცა იმ ოთახში სხვანაირად დაჯდომა შეუძლებელი იყო. კედელზე გაკრული უცნობი ადამიანების უამრავი ფოტოების შესახებ გვითხრეს, რომ ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ოდესმე ამ სტუდიასთან ჰქონია შეხება. თუმცა ეს დუტას, ჯაპანასა და პლაჟზე გადაღებულ პამელა ანდერსონს არ შეხებია.
შემდეგ ჩაინიშნეს ჩვენი გვარ-სახელი, სიმაღლე, საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ სიით 440-ე აღმოვჩნდით. შეკითხვები, ძირითადად, ჩვენს პლასტიკურ მონაცემებსა და სამსახიობო ნიჭს შეეხებოდა.

გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე წასაკითხად რაიმე ლექსი ან მოთხრობა უნდა მოგვემზადებინა და ისე წარვმდგარიყავით კომპეტენტური ჟიურის წინაშე. თან უნდა გვქონოდა ფოტო საოჯახო ალბომიდან, სადაც სახის გარდა, ჩვენი აღნაგობაც უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. კასტინგში მონაწილეობაზე დასაშვებად კი 10 ლარი უნდა გადაგვეხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კასტინგს წარმატებით გავართმევდით თავს, 150-ლარიანი კურსების გავლა მოგვიწევდა, სადაც მეტყველებას, პლასტიკასა და არტისტიზმს შეგვასწავლიდნენ.
ჩვენს შეკითხვაზე, ვინ იქნებოდა ჟიურის წევრი ან კურსების პედაგოგი, გვიპასუხეს, რომ ისინი თეატრალური აკადემიის პედაგოგებთან თანამშრომლობენ, მაგალითისთვის კი მანანა ტატიშვილი დაგვისახელეს.

როგორც გვითხრეს, აქამდე მათ ორი ფილმი, საბავშვო კომედია ”ბათუმის მატარებელი” და მძაფრსიუჟეტიანი ”ღამის მანიაკი” აქვთ გადაღებული.
მათი თქმით, პრეზენტაცია, შარშან, კინოს სახლში შედგა, გადაღებული ფილმები მალე DVD-ზე გამოვა და ჩვენც შეგვეძლება მათი ნახვა. გამოცხადებული ფილმის, ისტორიულ-ეროვნულ მხატვრული ”მამლუქნის” გადაღების დაწყების ზუსტი დრო კი არ დაუსახელებიათ, ამისთვის ჯერ ყველა შერჩეული მსახიობი უნდა მოვამზადოთო. კომპანიის თანამშრომლების თქმით, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია და ყოველდღიურად მათ ოცამდე ახალგაზრდა აკითხავთ.

შემდეგ ტურზე ლექსის წასაკითხად მომზადებულები მივედით. რეგისტრაციის 10 ლარი გადავიხადეთ და შესაბამისი ქვითარი მივიღეთ. ლექსის წაკითხვის შემდეგ, ეტიუდების დრო დადგა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამი დღე ითხოვეს და ამით ყოველგვარი ფორმალობები ამოიწურა.

სტუდიაში ყოფნის დროს, მუდმივად ისმოდა გარეთ მყოფი ბიჭების უცენზურო საუბარი, გინება და აურზაურის ხმა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს არც ისე უჩვეულო ამბავია. მათი თქმით, ბიჭებმა იციან, რომ სტუდიაში არტისტული გოგონები მიდიან და კასტინგებია, ბიჭების ინტერესსაც ეს იწვევს. ამ ფაქტს ღიმილით ეხმიანება კინოსტუდიის პროდიუსერი, ბესიკ ხინთიბიძე: ”ეს ჩვენი თაობის სენია, ბევრს გართობა უნდა, მაგრამ ჩვენ დაცვა გვყავს”.

სხვათაშორის, ბესიკ ხინთიბიძემ ერთ-ერთ გასაუბრებაზე მისვლისას თავი გაგვაცნო ქართული შოუბიზნესის შემომტან ადამიანად საქართველოში. როდესაც ამ ფაქტის არგუმენტებით დასაბუთება მოვთხოვეთ, მან გვითხრა, რომ მისი მოწყობილია ”მის საქართველო - 90”, 90-იან წლებში, სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით იგი ხშირად მართავდა კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე იმდროინდელ პრესასთან ხშირად საუბრობდა შოუბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე.

როგორც მან გვითხრა, TV-CINEMPANY CEROL 1997 წლიდან არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია კასტინგების გზით იყვანს ახალგაზრდა მსახიობებს და, მისი თქმით, ათი ფილმი აქვთ ჩაწერილი. ესენია: ”სიყვარულის ფერია”, ”დაიკარგა ხუჭუჭა”, ”ღამის მანიაკი”, ბავშვთა ტელესერიალი ”ტორტების ქალაქი”, სერიალი ”ერთი კოლეჯის ამბები”, ”სისხლიანი პერანგი”. ჩემს შეკითხვაზე, თუ შეიძლებოდა მათი ფილმების ნახვა, ხინთიბიძემ მიპასუხა: ”პრინციპში, შეიძლება ნახოთ ”ღამის მანიაკი”.

ხინთიბიძის თქმით, ასევე, მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა საბავშვო სტუდია ”რეტრო”, კინოსტუდიის შენობაში შედგა პრემიერა სპექტაკლისა: ”სიყვარული ნარკოტიკის სანაცვლოდ” და სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებზე მუშაობა ამ დროსაც მიმდინარეობს.

მისი თქმით, კომპანიას შემოსავალი კინოში გადაღებული სარეკლამო პროდუქციიდან აქვთ. თუმცა ქუჩაში გაკრულ სარეკლამო პლაკატზე აღნიშნულია, რომ მათი სპონსორი უკრაინაში მოღვაწე კინოკომპანიების ქსელია.

20 წლის ანა ლომსაძეს ბესიკ ხინთიბიძე სხვა სფეროდან და სხვა მისამართზე ახსოვს. იგი იხსენებს, რომ მან 6 წლის წინ, ხინთიბიძეს მოდების კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისის უნივერმაღში მიაკითხა. რეგისტრაციის თანხა მაშინაც 10 ლარი იყო, ამის შემდეგ მას სიარულში ამეცადინებდნენ. კონცერტი მართლაც ჩატარდა, თუმცა არა ისეთი გრანდიოზული, როგორსაც პირდებოდნენ. ანა ამბობს, რომ სოლიდურ ფასში რამდენიმე ბილეთის შეძენა მონაწილეებისთვის სავალდებულო იყო. ის სხვა დეტალებს ვერ იხსენებს, მაგრამ ზუსტად ახსოვს იმედგაცრუების შეგრძნება და იმდროინდელი ამბებიც მხოლოდ ირონიულ ღიმილს ჰგვრის.

მსახიობი მედეა ჩახავა, თავისსავე სახელობის თეატრალურ აკადემიაზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას ამ აკადემიასთან არავითარი საერთო არა აქვს.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ქალბატონი მედეა, წლების წინ მართლაც დათანხმდა ბესიკ ხინთიბიძის შეთავაზებას, აკადემიას მისი სახელი ეტარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკადემიის რამდენიმე სამუშაო გაკვეთილი ნახა, სწავლების დონით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, მედეა ჩახავა არასოდეს ყოფილა საქმის კურსში, რა ხდებოდა ამ კომპანიაში და ამიტომ ბესიკ ხინთიბიძეს სთხოვა, აკადემიას მისი სახელი აღარ ეტარებინა, თუმცა მისი თხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია.

0 comments:

 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino