Saturday, February 14, 2009

სიღნაღში ახლადდაგებული ქვაფენილი იყრება




ნინო გელაშვილი

`ვერსია`

სიღნაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან 14 526 000 ლარი გამოიყო. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მით უმეტეს, რომ უკვე რესტავრირებულ ქუჩებში ქვაფენილი იყრება და ხელმეორედ დასაგები ხდება.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქვაფენილი სიღნაღში ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. ამის მიზეზად კი სამუშაოების სისწრაფეს, უხარისხობას და სანიაღვრე სისტემის მოუწესიგებლობას ასახელებენ. რუსთაველის ქუჩის დიდ ნაწილზე ქვაფენილი აყრილია. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ქუჩაზე ქვაფენილის აყრას შეეჩვივნენ და აღარ უკვირთ. ერთ-ერთი მათგანი ხელს გამგეობის შენობისკენ იშვერს და გვეუბნება, რომ ეს შენობა სიღნაღის ნამდვილი სახეა _ გარედან ლამაზი და შიგნით დანგრეული.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, ევროპული ქალაქის მმართველობების მსგავსად, რატუშის ტიპისაა. დამთვალიერებლების აზრით, შენობა ძალიან ლამაზია და სიღნაღს ევროპულ სახეს სძენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს, შენობაში წყალი ჩავიდა და ბოლო სართულის ოთახების უმეტესობაში პარკეტი აიყარა. გარდა ამისა, ოთახები დიდი ხანია აღარ გარემონტებულა. გამგეობის თანამშრომლების თქმით, ასეთ შენობაში მუშაობა არც მათ მოსწონთ და დაპირებული სამუშაოების დროით შესრულებას ელიან.

სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამის კოორდინაციას და საპროექტო სამუშაოების შესრულებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ხელმძღვანელობდა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ გოგსაძის, თქმით, ქალაქის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით დაიწყო. სანიაღვრე სისტემა გაკეთდა ყველა მოკირწყლულ ქუჩაზე: ბარათაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის, სარაჯიშვილის, ევდოშვილის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის ქუჩებზე და ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე. ასე, რომ ეს საკითხი მთლიანად მოწესრიგდა. პატარა ქუჩებზე ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა. წყალი ჩვეულებრივ მიდის და შემდეგ რომელიმე ცენტრალური ქუჩის წყალმიმღებ ცხაურს უერთდება. მისი თქმით, მხოლოდ კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ დაიწყო შენობების რეაბილიტაცია და ქუჩების კეთილმოწყობა. მოკირწყლული ქუჩები სიღნაღისთვის ოდითგანვე დამახასიათებელია. მოსახლეობისთვის ადვილად გადასაადგილებლად ცენტრალური ნაწილი გრანიტის ქვით, ხოლო თამარ მეფის, გორგასალის ქუჩები და წამაბულის ქუჩის ნაწილი _ რიყის ქვით მოიკირწყლა. მოსახლეობის თხოვნით, ტროტუარები ასფალტით ან ბაზალტით გაკეთდა. მოკირწყლულ ქუჩებს შეგუებას რელიეფის სირთულე უშლის ხელს, თუმცა ნელ-ნელა ხალხი მაინც ეჩვევა.
ჩვენს შეკითხვაზე, რატომ იყრება ქვაფენილი ასე ხშირად, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გვპასუხობს, `სიღნაღი რთული რელიეფის ქალაქია. როცა წვიმა მოდის და წყალი ერთ ადგილას გუბდება, ქვაფენილი შეიძლება ამოიყაროს. ეს ხომ არ იგება ცემენტის ხსნარზე, რომ მყარი იყოს?! რამდენჯერაც აიყრება, მეორე დღეს უნდა მივიდეს მუნიციპალური სამსახური და გააკეთოს. ასეც ხდება.~

ფონდის დირექტორის მოადგილის, მარიკა დიდებულიძის თქმით, მუდმივად ხდება გაკეთებულის გადამოწმება. თუ რაიმე წუნი აღმოჩნდა, დროულად ასწორებენ. მისი თქმით, სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფული არავის გამოურთმევია. რეაბილიტაციის დასაწყისში, როცა უსახურავო სახლებში წვიმა ჩავიდა, კომპანიებმა მათ ხარჯები აუნაზღაურეს. მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაობს შ.პ.ს. `მაქსიმუმი~ ასრულებდა. შ.პ.ს.-ის მთავარი ინჟინერის, იროდი ნანობაშვილის თქმით, მათ მიერ გათვალისწინებული სანიაღვრე სისტემები ქალაქისთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო. ქვაფენილის აყრის მიზეზად სანიღვრე სისტემების არასაკმარისობას გამორიცხავს და შესაძლო მიზეზად ქვაფენილის არასწორ დაგებას ასახელებს.
სიღნაღის რეაბილიტაციის 2007 წლის გეგმაში მიწისქვეშა სამუშაოების განხორციელების პასუხისმგებლობა შ.პ.ს. `წყალკანალრემმშენს~ და შ.პ.ს. `წყალკანალსპეცრემმშენს~ აკისრია. შ.პ.ს. `წყალკანალსპეცრემშენის~ ტექნიკური დირექტორის, დიმიტრი ტორაძის, თქმით მათ წყალსადენები და კანალიზაცია გააკეთეს და სანიაღვრე სისტემებთან შეხება არ ჰქონიათ. შ.პ.ს. `წყალკანალრემმშენს~ ერთკვირიანი თხოვნის მიუხედავად, კომენტარი არ გაუკეთებია. დირექტორის მდივანი ამბობს, რომ პასუხისმგებელი პირები დაკავებულები არიან.

რეაბილიტაციისთვის სამშებელო სამუშაოებს კომპანია `თბილისი~ ატარებდა. კომპანიის დირექტორის მოადგილე, ვახტანგ ვეკუა, ამბობს, რომ სიღნაღში კომუნიკაციები გარეთ იყო გამოტანილი. ელექტროგაყვანილობა ერთ დიდ აბლაბუდას ქმნიდა. სანიაღვრე კომუნიკაციები საერთოდ არ იყო განსაზღვრული. ამიტომ იმ მთავარი ქუჩების სანიაღვრე კოლექტორი გაკეთდა, რომლებიც რეკონსტრუქციას ექვემდებარებოდა. ასეთებია ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალური გრაცის მოედანი და ნაწილობრივ თამარ მეფის ქუჩა. მთლიანი ქალაქისთვის სანიაღვრე კოლექტორის გაკეთება აღემატება იმ ბიუჯეტს, რომელიც, ალბათ, სახელმწიფოს გააჩნია. ეს დიდი საინჟინრო სამუშაოებია და ამიტომ ეს არ გაკეთებულა და ამოცანადაც არ იდგა. ქვაფენილი შეიძლება აყრილი იყოს იქ, სადაც სანიაღვრე სისტემა არ არის. `თვითონ ქალაქი არ არის მზად, რომ როცა წვიმა მოდის, ის ორგანიზებულად სადღაც ჩავიდეს. ეს არის სერიოზული პროექტი, თუ ამის აუცილებლობას ნახავს ხელისუფლება ან ადგილობრივი მმართველობა, ეს უნდა დაპროექტდეს და გაკეთდეს~, _ ამბობს ვახტანგ ვეკუა.

ამ დროისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს. ჩვენ ყოფილ გამგებელს, ზაზა ზედელაშვილს, დავუკავშირდით და ვკითხეთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიჩნევდა თუ არა მსგავსი პროექტის განხორციელების აუცილებლობას. მისი თქმით, `მთვარია ქალაქი გაკეთდა. უზარმაზარი სამუშაოების შემდეგ რომ რაღაც შენიშვნებია, ეს ბუნებრივია. რომ არ გაკეთებულიყო შენიშვნებიც ხომ არ იქნებოდა?! ჩემი თხოვნაა დავინახოთ მთავარი, რომ დღეს გვაქვს ასეთი ლამაზი ქალაქი და შენიშვნებს მოევლება.~ ჩვენს შეკითხვაზე ვინ გაიღებს აღდგენითი სამუშაოების ხარჯებს, იგი გვპასუხობს, რომ გამოსასწორებელი თუ არის რამე, ამას ის კომპანია გამოასწორებს, რომელმაც ეს სამუშაოები ჩაატარა. თუმცა, ამჟამად სიღნაღში კომპანია `თბილისი~ არ მუშაობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამაზე არავის არ მიუმართავს მათთვის, და საერთოდ, რაზეა საუბარი, ისიც არ იციან.
საბოლოოდ გაირკვა, რომ სიღნაღში კომპანია `თბილისი~ მართლაც არ მუშაობს. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაობს კომპანია `არტესი~ ასრულებს. თუმცა პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ვინ გაიღებს აღდგენითი სამუშაოების ხარჯებს. რეაბილიტაციის თითოეული შემსრულებელი მიიჩნევს, რომ მათმა კომპანიამ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა და ქვაფენილის აყრის მიზეზს სხვა კომპანიების შესრულებულ სამუშაოებში ეძებს. თუმცა, ერთი რამ ფაქტია. სპეციალისტთა ახსნით, ქვაფენილის აყრის მიზეზი სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობა, ქვაფენილის უხარისხოდ გაკეთება, ან ორივე ერთად შეიძლება იყოს. რეაბილიტაციის დროს დაზიანებული რამდენიმე სახლიც აღმოჩნდა.
`კახეთის საინფორმაციო ცენტრის~ ცნობით, რუსთაველის და ბარათაშვილის ქუჩის მაცხოვრებელებს, საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, რეაბილიტაციისას საცხოვრებელი სახლების სახურავები კრამიტით გადახურეს, საყრდენი მასალა კი არ შეუცვლიათ, რის გამოც წვიმების და თოვლის შედეგად რამდენიმე ოჯახს ჭერი უკვე ჩამოენგრა. მოსახლეობამ ადგილობრივ მმართველობასა და სამშენებლო კომპანიებს დახმარება არაერთხელ სთხოვა. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გუბერნატორის პირველი მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა, განცხადა, რომ კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია პრობლემების მოგვარების პროცესს თავად გააკონტროლებს. სიღნაღი რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის ემზადება, თუმცა ჯერჯერობით პირველი ეტაპზე დაშვებული შეცდომებია გამოსასწორებელი.

0 comments:

 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino