Saturday, February 14, 2009

ჯართის ბიზნესით დაკავებული კომპანიები გაკოტრების გზაზეა


ნინო გელაშვილი

`ვერსია`



უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში შავი და ფერადი ლითონების ბიზნესით დაკავებული კომპანიები შეფერხებით მუშაობენ. ზოგმა მათგანმა კი საერთოდ შეაჩერა საქმიანობა. კომპანიების უმეტესობა მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს.


საქართველოს ექსპორტში 2008 წლის სექტემბრამდე ჯართს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-სექტემბერში, შავი ლითონების ჯართს საქართველოს ექსპორტის 9,5% ეკავა და 2007 წლის მსგავსად, ექსპორტში მეორე ადგილზე იყო. შავ ლითონებთან შედარებით, დაბალია სპილენძის ჯართის მაჩვენებელი _ 2,2%.


როგორც საზღვარგარეთ გამტანი, ისე ადგილზე ინვესტორების მოზიდვით დაკავებული ლითონების მიმღები პუნქტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი კომპანიები გაკოტრების გზაზეა.


კომპანია `მეტალექსპორტის~ მენეჯერის, ნინო იმნაიშვილის თქმით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ მათთან არც ერთი ინვესტორი არ მისულა. კრიზისამდე ფერადი ლითონის ერთი ტონის საშუალო ღირებულება 1800 დოლარი იყო, დღეს კი 1000 დოლარადაც ვერ ყიდიან. ამ დროისთვის მათ 40 ტონა გასაყიდი საქონელი აქვთ. კომპანიაში მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ.


ამ დროისთვის შავი ლითონების ფასი 70-დან 120-მდე ლარში მერყეობს. თუმცა, მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ ამ ფასად ჯართის ჩაბარება თითქმის არავის უნდა. მათი თქმით, ბევრი პუნქტი საერთოდ დაიკეტა. შავი ლითონების გამტანი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, აგვისტოს ომის დროს თურქეთიდან გემები ვერ შემოვიდა, რასაც ეკონომიკური კრიზისიც დაემთხვა და საქონელი გასატანი დარჩათ.


ექსპერტი გია ხუხაშვილი, მიიჩნევს შექმნილი სიტუაციის ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირება არასწორია. მისი თქმით, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრებზე ფასები გარკვეულწილად დაწეული იყოს, მაგრამ დოლარის კურსის ზრდას, პირიქით, ბიძგი უნდა მიეცა ამ ბიზნესის განვითრებისთვის. შესყიდვა ხდება ლარში და ექსპორტი დოლარში, ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო სტიმულის მიმცემი. ექსპერტ ხუხაშვილის თქმით, ჯართის ბიზნესი ქვეყანაში ეკონომიკურად წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჯართის მოხმარება ქართულ წარმოებაში მოხდებოდა. ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მეტალუგიულ საწარმოებს ნედლეულზე მოთხოვნა არ განელებიათ. ამიტომ შავი და ფერადი ლითონების ბიზნესის შეფერხებას ხელოვნურად შექმნილს უწოდებს.


მდგომარეობის მსოფლიო ეკონომიკის კრიზისთან კავშირს ლოგიკურად მიიჩნევენ სხვა ეკონომისტები. ექსპერტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ ბევრ კომპანიას აქვს პრობლემები და გამორიცხული არ არის, მსგავსს სიტუაციაში იყვნენ ქართული ჯართის ბიზნესით დაკავებული კომპანიების პარტნიორები. მისი თქმით, მდგომარების გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართულ კომპანიებს მოუწევთ ახალი ბაზრების მოძიება ან შესაძლოა ჯართის ჩაბარება ადგილზე უფრო მომგებინი გახდეს.


ჯართის მიმღები ქართული კომპანიების თქმით, ამ ეტაპზე ისინი თავს იკავებენ საქონელის იაფად გაყიდვისგან და მდგომარეობის გამოსწორებას ელოდებიან.

ცხენს ვერაფერი დააკლეს, უნაგირს უწყეს მტვრევაო

ნინო გელაშვილი
ნინო თოფურიძე

`ვერსია`

შეკითხვაზე უნდა შეეცვალოს თუ არა სახელწოდება რუსი მწერლების სახელობის ქუჩებს, სკვერებსა და ბაღებს, პასუხი გაგვცა თბილისის 180-მა მაცხოვრებელმა. პასუხები ასე გადანაწილდა:

67.8 % - არა
21.7 % - კი
10.5 % - არ ვიცი
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ჰგავს ბავშვურ ბუტიაობას და ქართველების უკულტურობისა და დაბალი დონის მაჩვენებელია. გარდა ამისა, მათი აზრით, სახელწოდებების შეცლა ორ მართმადიდებელ სახემწიფოს შორის მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს.
შეკითხვა ზოგს ანდაზას ახსენებს: `ცხენს ვერაფერი დააკლეს, უნაგირს უწყეს მტვრევაო,~ ზოგიერთი კი თავის დამოკიდებულებას ამყარებს იმ არგუმენტით, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ ამბიციებს შევწიროთ კულტურა, რადგან კულტურა და ისტორია საერთაშორისო ღირებულებებია, რომლებიც არა მხოლოდ რუსებს, არამედ მთელ მსოფლიოს ეკუთვნის. როგორც ერთ-ერთიმა რესპონდენტმა, ივლიანე ხაინდარავამ აღნიშნა, ამგვარი ქმედება მარაზმატული ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს რუსი პოლიტიკოსები და ამ ქვეყნის საზოგადოება. პუტინსა და მედვედევს არ შეიძლება რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობა გადავაყოლოთ. მოსახლეობის თქმით, ქუჩებს იმ ადამიანების სახელები უნდა ერქვათ, რომლებიც საქართველოსთან, მეგობრულ, ნათასაურ ან შემოქმდებით კავშირში არიან.
გამოკითხულები ერთხმად თანხმდებიან, რომ თბილისში მოსკოვისა და სანტ-პეტერბურგის სახელობის ქუჩები ზედმეტია. ზოგი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსავსი თემების წამოჭრა თითიდან გამოწოვილი თემაა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად არის გამიზნული.
გამოკითხულთა აზრის თანხვედრა იმ საკითხთან მიმართებითაც მოხდა, რომ მსგავსი იდეები მხოლოდ უვიც ადამიანებს მოსდით თავში. მათი მოსაზრებით, ვინაიდან მეზობელს ვერ შევიცვლით, ამგვარი გამაღიზიანებელი ქმედება მხოლოდ ჩვენზე ჰპოვებს ასახვას. ეს კი იმათი საფიქრებელია, ვისაც მოსახლეობაზე ზრუნვა ევალება. გამოკითხულთა თქმით, რუსი მოღვაწეების სახელები მათ ეხამუშებათ, ვინც ამ მწერლების შემოქმედებას არ იცნობს. ამიტომ ეჭვი ეპარებათ ნუგზარ წიკლაურის ინტელექტუალურ შესაძლებობებში. მოსახლებას აშფოთებს იდეის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები. ამგვარ ქმედებას მივყავართ იქითკენ, რომ რუსეთის ქალაქებში ქართული სახელების მატარებელ ქუჩებს სხვა დასახელებები სამუდამოდ ჩაენაცვლება.
გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ახალ იდეას მხარს უჭერენ. მათი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი დაუფასებელი ქართველი შემოქმედი თუ საზოგადო მოღვაწეა და სწორედ მათი სახელები უნდა ჩაენაცვლოს აგრესორი სახელმწიფოს ქალაქების დასახელებებს. გარდა ამისა, რუსეთის დანაშაული საქართველოს წინაშე იმდენად დიდია, რომ მისი მოქალაქეების ამგვარი დაფასება ზედმეტი პატივია. ამავდროულად, მოსახლეობას რუსი მოღვაწეების სახელობის ქუჩების სიმრავლე აღიზიანებს.
საზოგადოებაში აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც არცერთ პოზიციას არ იზიარებენ და თავიანთ აზრს ერთ წინადადებაში აყალიბებენ: `რუსის დედა დილით და ამერიკელის საღამოს”.
გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის აქტუალიზაცია, არაადეკვატურია, ვინაიდან არსებობს მრავალი სოციალური პრობლება, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ხალხს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, საქართველომ მოკავშირეების ცვლასთან ერთად ხომ არ უნდა ცვალოს დედაქალაქის ქუჩებისა თუ სკვერების სახელწოდებები? თბილისელების მოსაზრებით, სჯობს, ქუჩებმა ატარონ კლასიკოსი მწერლების სახელები, ვიდრე დროებით მოსული პოლიტიკოსებისა. მოსახლეობის აზრით, მოკავშირეთა ცვლა არ უნდა გახდეს საზოგადოებრივი ღირებულებების გადაფასების მიზეზი.

ფასიანი სწავლება ფასიანი სამსახურისთვის

ნინო გელაშვილი, `24 საათი~

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეტროსადგურებთან და სასწავლო დაწესებულებებთან ხშირად არიგებენ საინფორმაციო ფურცლებს, სადაც მითითებულია, რომ ბიზნეს კომპანია სამუშაოდ იწვევს ახალგაზრდებს საქმის ადგილზე შესწავლითა და მზარდი ანაზღაურებით. მსგავსი განცხადებები ვრცელდება ინტერნეტით, გაზეთებისა და ტელევიზიების მეშვეობით. უმეტეს შემთხვევაში, დასაქმების მსურველი ამ განცხადებებს ქსელური მარკეტინგით მომუშავე კომპანიებთან მიჰყავს. თუმცა, დაპირებული სამუშაო ხშირად ცარიელ სიტყვებად რჩება, ხოლო სამსახურის დასაწყებად საჭირო ტრეინინგ კურსის საფასური _ დაკარგულ ფულად.

`Pr ჯგუფში` თამთა წიკლაური ორი თვის წინ გაზეთ `სიტყვა და საქმეში` წაკითხული განცხადებით მოხვდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის #39-ში გასაუბრებაზე მოსულს კომპანიაში დასაქმებით ლამაზი მომავალი დაუხატეს. აუხსნეს, რომ მუშაობისას ისინი კომპანია `ტიენსის` პრინციპით სარგებლობდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა სახის სამუშაოს სთვაზობდნენ. მუშაობას კი იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ტრეინინგ-კურსს გაივლიდა, რომელიც 30 ლარი ჯდებოდა. ფულის გადახდისას მას მისცეს ქვითარი, რომელზეც არ ყოფილა არანაირი ბეჭედი, კურსის მესამე შეხვედრაზე კი მოსთხოვეს ეს ქვითარი უკან დაებრუნებინა. ტრეინინგების გავლის დროს მან შემთხვევით გაიგო, რომ ამ კურსის შემდეგ მუშაობის დასაწყებად საჭირო იყო 600 ლარი. თუმცა მისთვის ამის შესახებ წინასწარ არავის უთქვამს. ამის გაგების შემდეგ თამთა აღარ დაინტერესებულა კომპანიაში საქმიანობით, მისი თქმით, არსად იყო იმის გარანტია, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ, ის მართლაც დაიწყებდა მუშაობას და გადაწყვიტა კომპანიაში აღარ მისულიყო.

თამთა წიკლაურის თქმით, მსგავსი ამბავი მხოლოდ მას არ შეემთხვა და ასე მოტყუებული ბევრი ახალგაზრდა რჩება. როგორც დასაქმების სხვა მსურველები ამბობენ, ტრეინინგების შემდეგ 600 ლარი მათ პროდუქციის შესაძენად და მისი რეალიზაციისთვის სჭირდებოდათ. თუმცა, ამის შესახებ წინასწარ არავინ არაფერი იცოდა. `Pr ჯგუფის` ტრეინინგების სპიკერი, ბაქარ გელაშვილი, განმარტავს, რომ ისინი `ტიენსის`მოდელზე, ქსელური მარკეტინგით მუშაობენ. მისი თქმით, მათი საქმე სწავლებაა და არა დასაქმება. ისინი სამომავლოდ სასწავლო ცენტრების დაფუძნებასაც გეგმავენ. ერთკვირიანი ტრეინინგ-კურსი 30 ლარი ჯდება.

როგორც ბაქარ გელაშვილი ამბობს, ქსელური მარკეტინგისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება, ამიტომ შესაძლოა დასაქმების მსურველი პირველივე ინტერვიუდან მთლიანად ინფორმირებული ვერ წავიდეს. თუმცა, ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას იმით ხსნის, რომ ზოგადად წარმატებული ადამიანი უფრო ნაკლებია, ვიდრე წარუმატებელი. შესაბამისად, მათ, ვისაც მუშაობა ეზარება და ფულის შოვნის მარტივ გზას ეძებს, კომპანიის პირობები არ აკმაყოფილებთ. შეკითხვაზე რატომ არის ამ კომპანიებში ტრეინინგები ფასიანი, როცა სხვა ორგანიზაციებში მუშაობის დაწყების წინ უფასო ტრეინინგებს ატარებენ, გვპასუხობს, რომ სხვა ორგანიზაციები ვიწრო ცოდნას აძლევენ, მათ მიერ მიცემული განათლება კი ზოგადად ბიზნესის სფეროში არის გამოსადეგი.

რაც შეეხება კომპანია `ტიენსს`, ბაქარ გელაშვილის თქმით, `ის საქართველოში 2003 წელს შემოვიდა და მთავარი ოფისი სასტუმრო `თბილისი მერიოტში` ჰქონდა. 2008 წლის დასაწყისიდან, სახელმწიფოსთან შექმნილი საგადასახადო პრობლემების გამო, `ტიენსი` აღარ ფუნციონერებს. ახლა მხოლოდ სპეციალური შეკვეთით შემოდის კოსმეტიკა მცირე რაოდენობით და სხვადასხვა კომპანიებით ვრცელდება. დღეისათვის `ტიენსის` წარმომადგენლები ამზადებენ ბაზას, იმისათვის, რომ კომპანია კვლავ შემოვიდეს საქართველოში. `ტიენსის` შეჩერების შემდეგ, ამ კომპანიაში გაძლიერებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი ოფისები გაეხსნათ და `ტიენსის` პრინციპით გაეგრძლებინათ მუშაობა. ერთ-ერთი მათგანია `Pr ჯგუფი`, ასევე არის `MLM technology` (Multy Level Marketing, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქსელურ მარკეტინგს), რომელიც ტექნიკის დისტრიბუციაზე მუშაობს.`

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან `ტიენსი` როგორც კომპანია, საქართველოში აღარ ფუნქციონერებს, 2008 წლის აპრილში, დოლაბაურის ქუჩაზე სამსახურის საძებნელად მისულ სალომე ცეცხლაძეს, კომპანია `ტიენსად` გაეცნენ და ტრეინინგების გასავლელად 20 ლარი მოსთხოვეს. კურსის გავლის დროს მას უთხრეს, რომ საჭირო იყო მათ მიერ შეთვაზებული წიგნების ყიდვა. სალომეს წიგნები არ უყიდია, თუმცა ტრეინინგზე დამსწრეთა უმეტესობამ წიგნები იქვე შეიძინა. წინა რესპონდენტის მსგავად, თავიდან სალომესთვისაც არავის უთქვამს, რომ საჭირო იქნებოდა თანხა ექვსასი ლარის ოდენობით. ამის გაგონების შემდეგ კომპანიაში აღარც ის მისულა.

იგივე ამბავი გადახდა თავს ნიკოლოზ გოგოლაძეს, რომელმაც საერთაშორისო კომპანიას საოფისე სამსახურის საშოვნელად ელბაქიძის აღმართზე მდებარე ოფისს, 2003 წელს, მიმართა. წლების განმავლობაში ჯერ კომპანია `ტიენსი` და შემდეგ მისი საქმიანობის გამგრძელებელი სხვა კომპანიები ერთი სისტემით მუშაობენ. განცხადებაში უთითებენ მაღალანაზღაურებად საოფისე სამსახურს ადგილზე შესწავლით, თუმცა იქ მისულს, ხვდებათ ფასიანი ტრეინინგები. ტრეინინგების გავლის შემდეგ იგებენ, რომ საჭიროა დამატებით თანხა პროდუქციის შესაძენად და გასავრცელებლად. ამ პროდუქციის გაყიდვის შემდეგ თანხა მათ უკან უბრუნდებათ, გარდა ამისა, ყოველი ახალი ადამიანის ჩართვა ამ საქმეში, მათ გარკვეულ ქულებს უგროვებთ, რომელც კომპანიაში საფეხურის აწევაში ეხმარებათ.

http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&info_id=43475&date=2008-11-04&new_month=11&new_year=2008

Friday, February 13, 2009

ავისმომასწავებელი სიცარიელე სიღნაღში



[ნინო
გელაშვილი,
თბილისი-სიღნაღი-თბილისი,
”ვერსია”]

რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანი ომის შემდეგ, სიღნაღს ტურისტები შემოაკლდა. ქალაქი დამთვალიერებლებისგან ავისმომასწავებლად დაცარიელდა. ომამდე სიღნაღელები ნაკლებად წარმოიდგენდნენ, თუკი ასეთი საფრთხე დაემუქრებოდა პრეზიდენტის ინიციატივას - სიღნაღი ქცეულიყო საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. აგვისტოს მოვლენებამდე, აქ მართლაც მრავალ ტურისტს ნახავდით. სიღნაღელებიც იმედით ცხოვრობდნენ, რომ მათი მშობლიური ქალაქი კიდევ და კიდევ განვითარდებოდა.


სიღნაღის ტურიზმის ბიზნეს-ინკუბატორის წარმომადგენლის, გელა ჯავახიშვილის თქმით, ბოლო თვის განმავლობაში, ქალაქის შემოსავლებმა არათუ იკლო, არამედ ომის დღეებში საერთოდ გაჩერდა. ყველა პოტენციურმა სტუმარმა გააუქმა წინასწარი შეკვეთა. საელჩოებმა გააფრთხილეს თავიანთი მოქალაქეები, რომ საქართველოში გადაადგილება ომის პერიოდში უსაფრთხო არ იქნებოდა.

”ხალიჩების სახლის” ხალიჩების მქსოველებიც ჩივიან, რომ ომის შემდეგ ტურისტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მათ მაღაზიაში, საერთოდ, აღარავინ შესულა.
დაზარალდა სასტუმროების ქსელის, ”რჩეულის” სიღნაღის სასტუმრო ”ფიროსმანი”. მისი ადმინისტრატორი ნიკოლოზ მინაშვილი აღნიშნავს, რომ ომის შედეგები პირდაპირ და მნიშვნელოვნად აისახა მათ ბიზნესზე. უცხოელებისგან ბევრი დაჯავშნული ნომერი ჰქონდათ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე, სტუმრობა ყველამ გადაიფიქრა. მართალია, ომის შემდეგ სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ სიღნაღში ახლა, ძირითადად, ქართველები ჩადიან, უცხოელები კი ჯერ კიდევ თავს იკავებენ.
”სასეირნოს” მძღოლს, ავთანდილ ალაბეგიშვილს მოსეირნეები შემოაკლდა. მისი თქმით, ომის შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა ტურისტების რაოდენობა. ქალაქში, პრაქტიკულად, აღარ არის მოძრაობა. ბოლო ხანს, სიღნაღის ნახვის მსურველთა რიცხვმა ოდნავ იმატა, მაგრამ იმდენი მაინც არ არის, რაც ომამდე იყო.

სუპერმარკეტ ”პოპულში” ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზად სეზონსაც ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ომის დროს, სიღნაღში ხალხმრავლობა იყო. ალბათ იმიტომაც, რომ ვისაც საშუალება ჰქონდა, ყველა კახეთში ჩადიოდა, რადგან ყველაზე უსაფრთხო კუთხედ ითვლებოდა. სასტუმრო ”სიღნაღის” თანამშრომლის, სოფო ჯიბღაშვილის თქმით, ომის დროს, მათ სასტუმროს პაკისტანელები ”აფარებდნენ თავს”, ომის შემდეგ კი, საერთოდ, აღარ ჰყავდათ სტუმრები და მხოლოდ ახლახან - სექტემბრის ბოლოს გამოჩნდნენ გერმანელები.
სასტუმრო ”ცისკარის” დიასახლისის თქმით, ომის დღეებში მათ რუსი ტურისტები ეწვივნენ ორი ავტობუსით.

”რესპუბლიკური პარტიის” რაიონულ ოფისში, თენგიზ ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ტურისტების სიმცირის მიზეზი არა მარტო ომი, არამედ სასტუმროების მაღალი ფასია. ოჯახური სასტუმროები კი იაფია, მაგრამ იქ მომსახურების დაბალი დონეა. მისივე თქმით, სიღნაღში დამთვალიერებლების მოზღვავება არჩევნების დროს იყო, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ექსკურსიებს აწყობდნენ.

სიღნაღის მუზეუმში ამბობენ, რომ დამთვალიერებლების რაოდენობა ომამდე ბევრად მეტი იყო. სკოლებიდან ხშირი ექსკურსიების გამო, მუზეუმის შესასვლელთან რიგებიც კი იდგა. ომის დღეებში მუზეუმი არავის აინტერესებდა. ბოლო დროს, დამთვალიერებლები კვლავ გამოჩნდენ, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენი მაინც არ არის, რაც მანამდე იყო.

ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს დიასახლისი, რომელმაც იკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა, დამწუხრებულია, რომ მათთან ტურისტები საერთოდ აღარ მიდიან. სტუმრების ნაკლებობას კი მარტო ომს არ უკავშირებს: ”ქალაქი სტუმრებისთვის სათანადოდ მომზადებული არ არის. საკონფერენციო დარბაზები არ არის, რომ კონფერენციები და სემინარები ჩატარდეს. ინფრასტრუქტურაც არაფერზეა გათვლილი. მხოლოდ ”ვაშა!” და ”მიშა მაგარია!” იყო მთავარი. კი, გაკეთდა და გარემონტდა ქალაქი, მაგრამ მთავარია, როგორ გაკეთდა და რისთვის. მე ისედაც ვიცოდი, რომ სიღნაღი მალე გადავიდოდა მოდიდან და, აჰა, გადავიდა კიდეც!.. სახლის მოსაწყობად კრედიტი არც ამიღია”.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტს ტურიზმის საკითხებში, ნანა ქოქიაშვილს სიღნაღში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საოჯახო სასტუმრო აქვს.
სიღნაღში არსებულ ვითარებაზე ნანა ქოქიაშვილი საკუთარ შეფასებებს გვაცნობს: ”ქალაქი რაც გაკეთდა, უფრო მეტად ქართველი დამთვალიერებლები ჩამოდიოდნენ. ომის დროს ეს ნაკადი შეწყდა. ტურიზმის დეპარტამენტი, ამ მხრივ, დიდ საქმეს აკეთებდა - ავტობუსებით ჩამოჰყავდა მოსწავლეები, აწყობდა უფასო ექსკურსიებს. ომის დროს, ტურისტულმა სააგენტოებმა ტურები გააუქმეს. ომის შემდეგ, კანტი-კუნტად შემოდიან მოგზაური ტურისტები აზერბაიჯანის მხრიდან და ზოგჯერ - ახალდაქორწინებულები, რომელთაც ჰგონიათ, რომ აქ ერთ კვირას დარჩებიან. თუმცა, მაქსიმუმ, ორ-სამ დღეს გაჩერდეს ვინმე ამ ქალაქში.
ამ ქალაქს სჭირდება ერთი დღე, სრულყოფილად რომ დაათვალიერო. ინფრასტრუტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, მომსახურების სფერო განვითარებული არ არის, სასტუმროების ფასი მაღალია, ოჯახური სასტუმროები კი დაბალ დონეზეა. საოჯახო სასტუმროების მოსაწყობად ხალხმა ფული არ ჩადო. იყო საუბარი, რომ გაიცემოდა ტურისტული სესხები ”საქართველოს ბანკიდან”, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ მიზეზის გამო, ჩვენთან ომის დროს ტურისტების რაოდენობის შემცირებას არ გამოუწვევია ისეთი მძიმე შედეგები, რაც აჭარაში მოხდა, სადაც მასობრივად აიღეს სესხები და ტურისტული სეზონის ჩავარდნის შემდეგ დაზარალდნენ”.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი, კობა არაბული ”ვერსიასთან” საუბრისას სიღნაღში ტურისტების შემცირების განსხვავებულ მიზეზსაც ასახელებს: ”ტურისტული სიღნაღის თემა უფრო ეიფორია იყო, ვიდრე გეგმაზომიერი, გათვლილი და გარკვეულ ანგარიშებზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც მოიტანდა იმ შედეგებს, რასაც გარკვეულწილად, ელოდნენ სიღნაღელები.
დღემდე ვერავინ ნახა სიღნაღის ტურისტული პროგრამა, რომელიც იქნებოდა დამუშავებული, დაწერილი და დახატული. არ არსებობდა ინფორმაცია, რა კეთდება და რისთვის კეთდება დღეს სიღნაღში, საბოლოოდ რას გამოიწვევს, რას შეცვლის, რას დატოვებს, როგორ აღადგენს ძველს (თუ აღადგენს, საერთოდ) და ყველაფერი ეს როგორ მოემსახურება მასპინძლობის ინდუსტრიას. სწორედ ამიტომ, მსგავსი გეგმა რაკი არ არსებობდა, ეს იყო მხოლოდ ეიფორია და დღეს ეს ეიფორია, უბრალოდ ნელ-ნელა გადის”.



 
N-news. Template by Exotic Mommie Illustration by DaPino